გუშაგთა კორპუსის ულტიმატუმის მიუხედავად ირანში პროტესტები გრძელდება

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ულტიმატუმის მიუხედავად, ირანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.

შაბათს, 29 ოქტომბერს, გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დემონსტრანტებს მოუწოდებდა, შეეწყვიტათ საპროტესტო გამოსვლები, წინააღმდეგ შემთხვევაში - ძალის გამოყენებით დაიმუქრა. 

გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ "შაბათი პროტესტების ბოლო დღე იქნებოდა." 

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდებოდა საპროტესტო გამოსვლების ვიდეოები. აქცია გაიმართა თეირანის აზადის უნივერსიტეტთანაც. კადრებში ჩანს, რომ გუშაგთა კორპუსის ბასიჯების დანაყოფი, დემონსტრანტების დაშლას ცრემლსადენი გაზით ცდილობს. 

გავრცელებულ კადრებში ასახულია პოლიციის სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ქურდისტანის უნივერსიტეტის კამპუსთან არიან გამაგრებულები. 

ჯუნუბის პროვინციაში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, მოჰამადრეზა მაჰდაუიმ განაცხადა, რომ ამ დრომდე "ბასიჯთა დანაყოფები თავშეკავებულად იქცევიან, თუმცა მოსალოდნელია, რომ ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს". 

საპროტესტო გამოსვლები ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი, თეირანში, ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრა, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამ დღიანი კომის შემდეგ, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები