გუშაგთა მეთაური: ამ ამბოხებას აშშ-ს და ისრაელის გეგმების სასაფლაოდ გადავაქცევთ
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთუარმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა აშშ და ისრაელი ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების პროვოცირებაში და განაცხადა, რომ რეჟიმი უკან არ დაიხევს.
ჰოსეინ სალამის სიტყვებს Wall Street Journal ავრცელებს.
საპროტესტო გამოსვლების შესახებ ჰოსეინ სალამიმ ბალუჩისტანის დედაქალაქში ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი კერა გახდა.
სისტანში ვიზიტისას სალამიმ მადლობა გადაუხადა ბალუჩისტანის ეთნიკურ უმცირესობას ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისა და პატრიოტიზმისთვის. ამავდროულად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური კიდევ ერთხელ დაემუქრა დემონსტრანტებს და განაცხადა, რომ პროტესტები გარე ძალების მიერ არის მართული.
"გარწმუნებთ ამ ამბოხების ადგილს აშშ-ს, ისრაელი და მათი მოკავშირეების გეგმების სასაფლაოდ გადავაქცევთ",- თქვა სალამიმ.
კონტექსტი
ირანში 22 წლის სტუდენტის, მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უკვე 2 თვეა მიმდინარეობს.
საპროტესტო დემონსტრაციებზე დაიღუპა 430 მოქალაქე, უკვე დაპატიმრებულია 17 000-ზე მეტი. თავდაპირველად ქალთა გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციები ისლამური რეჟიმის დამხობის მოთხოვნებმა ჩაანაცვლა.
ირანი საპროტესტო დემონსტრაციების პროვოცირებასა და დაფინანსებაში საუდის არაბეთს და აშშ-ს ადანაშაულებს. თავის მხრივ, ეს ირანის რეჟიმის მიერ გამოცდილი მეთოდია.
ცოტა ხნის წინ ირანის მეჯლისმა, რომელსაც არ აქვს სასჯელის დაკისრების უფლება, იუსტიციის სამინისტროს მოუწოდა, საპროტესტო აქციებისთვის დაპატიმრებული 15 ათასივე მოქალაქე სიკვდილით დაესაჯა.
რაც შეეხება სამართლებრივ ვერდიქტს, ამ დროისთვის ცნობილია სასიკვდილო განაჩენის გამოტანის მხოლოდ 1 შემთხვევის შესახებ.