ჰონგ-კონგის პოლიციამ პრო-დემოკრატიული მედია დაარბია

 

ჰონგ-კონგის პოლიციამ პრო-დემოკრატიული მედია-ორგანიზაციის ოფისი დაარბია.

Stand News-ის ექვსი თანამშრომელი „ხელისუფლების დამხობის“ მოწოდების შემცველი პუბლიკაციების გავრცელების ბრალდებით დააკავეს.           

საპოლიციო რეიდში 200-მდე სამართალდამცავი მონაწილეობდა. სპეცოპერაცია გასულ წელს პეკინის მითითებით მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კანონის ფარგლებში ჩატარდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა (CPJ) დარბევა „ჰონგ-კონგში უკვე შებღალულ პრესის თავისუფლებაზე ღია თავდასხმად შეაფასა“.

ცოტა ხნის წინ ჰონგ-კონგში პრო-დემოკრატიული ძალების წამყვანი მედია - გამოცემა Apple Daily - დახურეს.

Apple Daily-ს გამომცემელი, სამოქალაქო აქტივისტი ჯიმი ლაი „ამბოხის“ ბრალდებით დააკავეს.

ჰონგ-კონგი, რომელიც ბოლო დრომდე პეკინისგან ფართო ავტონომიით სარგებლობდა, სულ უფრო მეტად ექცევა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ქვეშ.

„დემოკრატია ჰონგ-კონგური მახასიათებლებით“, - ასე მოიხსენიებს ჩინეთი თვითმმართველი ტერიტორიის მართვის ახალ მოდელს.

გასულ კვირაში ქალაქში 1989 წლის ტიანანმენის ტრაგედიის მემორიალები აიღეს.

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო არჩევნებში პეკინის ლოიალურმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები