იტალიამ სლოვენიასთან სასაზღვრო კონტროლი განაახლა
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო პიანტედოსიმ ოთხშაბათს თავის სლოვენიელ კოლეგას ბოშტიან პოკლიუკარს სლოვენიასთან დროებითი სასაზღვრო კონტროლის შემოღების შესახებ აცნობა, რისი მიზეზიც ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ვითარების ცვალებადობაა.
რომი და ლუბლიანა სასაზღვრო კონტროლის აღდგენის გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ და შემდეგ ევროკომისიას ინფორმაცია შენგენის ზონის წესების შესაბამისად მიაწოდეს. გადაწყვეტილება 21 ოქტომბერს, 10 დღიანი ვადით ამოქმედდა.
იტალიამ სასაზღვრო კონტროლის განახლება ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესებით და მიგრაციული ნაკადების ზრდით ახსნა: "ამ წლის დასაწყისიდან ქვეყანაში 140 ათასი არალეგალური მიგრანტი შემოვიდა, რაც 85%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით."
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კოორდინაციას გაუწევენ სასაზღვრო კონტროლის მოქმედებებს სამართალდამცავი უწყებების დონეზე.
სულ ცხრა ევროპულმა ქვეყანამ აცნობა ევროკომისიას შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის დროებით აღდგენის შესახებ. იტალიის გარდა, ესენი არიან ავსტრია, გერმანია, ნორვეგია, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, შვედეთი და საფრანგეთი.