იტალიის მთავრობას ბანკების სუპერმოგებაზე ერთჯერადი 40%-იანი გადასახადის დაწესება სურს

იტალიის მთავრობის მიერ ფინანსური ინსტიტუტების ე.წ. არაპროგნოზირებად მოგებაზე ერთჯერადი გადასახადი დაწესებამ, სამშაბათს დილით აქციების ვარდნა გამოიწვია.

ამ ინფორმაციას AFP ავრცელებს.

ორშაბათს, გვიან საღამოს, იტალიის მთავრობა დათანხმდა ბანკების "ზემოგებაზე" 40%-იანი გადასახადის შემოღებას, რადგან ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ზრდას მოსახლეობის სესხების ხარჯების ზრდაც მოჰყვება.

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ, ულტრამემარჯვენე "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთების ზრდამ ბანკების მოგება "მილიარდებით" გაზარდა, მაგრამ გაზარდა ხარჯები მათი კლიენტებისთვისაც. მისი თქმით, ბანკებიდან ამოღებული თანხა "საპროცენტო განაკვეთების ზრდით დაზარალებულ ოჯახებსა და ბიზნესებს" მოხმარდება.

იტალიურ მედიაში გავრცელებული წინასწარი შეფასებით, ახალმა გადასახადმა შეიძლება ორ მილიარდ ევროზე მეტი საბიუჯეტო შემოსავალი მოიტანოს.

ამ სიახლის შემდეგ, რომელსაც არც საბანკო სექტორი და არც ანალიტიკოსები არ ელოდნენ, იტალიური ფინანსური ინსტიტუტების აქციები მკვეთრად დაეცა. იტალიის ორი უმსხვილესი ბანკის - Intesa Sanpaolo-სა და Unicredit-ის აქციები, 8.6%-ით და 7%-ით დაეცა.

ამის შემდეგ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ ბანკების ჭარბ მოგებაზე გადასახადი ძალაში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იქნება და ეს არის რეაქცია ევროპის ცენტრალური ბანკის "მცდარ" პოლიტიკაზე.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილება ორ თვეში იტალიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ამ დროის განმავლობაში ის შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

იტალიის მთავრობის ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს რეაქცია 2023 წლის მეორე კვარტალში მშპ-ს მოულოდნელ 0.3%-იან ვარდნაზე.

მსგავსი სიახლეები