ხარკოვის მერი სოციალურ ქსელებში რუსული ენის გამოყენებისთვის დააჯარიმეს
უკრაინის სახელმწიფო ენის დაცვის კომისარმა ტარას კრემენმა გამოსცა დადგენილება ხარკოვის მერისთვის, იგორ ტერეხოვის დაჯარიმების შესახებ. ამის შესახებ კრემენმა 24 ნოემბერს ფეისბუქზე განაცხადა.
ტერეხოვმა ხარკოვის მცხოვრებლებთან შეხვედრებზე და ეროვნული ტელემეთონის ეთერში რუსულად კომუნიკაციისთვის 3400 გრივნა უნდა გადაიხადოს.
კრემენმა აღნიშნა, რომ ეს არის "უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ" კანონის დარღვევა.
"ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა გამოიყენა არასახელმწიფო ენა ქალაქ ხარკოვის მაცხოვრებლებისადმი მიმართვაში და ტელემარათონის "ერთიანი ამბების" ეთერში, რითაც დაარღვია კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი", - წერს ის.
ამასთან, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გაფრთხილების გზით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ. საუბარია იმაზე, რომ ტერეხოვის ფეისბუქის და ტელეგრამის გვერდები რუსულ ენაზეა.
"კანონის 27-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ხარკოვის მერის ოფიციალური ინტერნეტ საქმიანობა სახელმწიფო ენაზე უნდა წარიმართოს", - აღნიშნა კრემენმა.
განკარგულებები ჯერ არ შესულა ძალაში. ტერეხოვს მათი გასაჩივრება 4 დეკემბრამდე შეუძლია.