მელონიმ თქვა, რომ მის პარტიაში ფაშიზმის ადგილი არ არის
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ მისმა პარტიამ, იტალიის ძმებმა უნდა განდევნოს თავისი რიგებიდან ყველა, ვინც ქვეყნის ფაშისტურ წარსულს ხოტბას ასხამს.
ამის შესახებ Euractiv იუწყება.
ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მისი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები ყვიროდნენ ფაშისტურ ლოზუნგებს და სკანდირებდნენ "Sieg Heil."
პარტიის ლიდერებისადმი მიწერილ წერილში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის "გაბრაზებული და ნაწყენია," რომ მათმა ქმედებებმა დააზიანა პოლიტიკური ძალის რეპუტაცია.
"იტალიის ძმებში რასიზმისა და ანტისემიტიზმის ადგილი არ არის და არც მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების ან ცუდი ფოლკლორის რაიმე გამოვლინების." - წერს ის.
მელონის თქმით, მისი პოლიტიკური ძალის ამოცანა "ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ მათ, ვისაც მისი მასშტაბები არ ესმის, გაანადგურონ იგი."
"ვინც თვლის, რომ შეიძლება არსებობდეს იტალიის ძმების საჯარო სურათი, რომელიც არ შეესაბამება მათ პირად ქცევას, უბრალოდ არ ესმის, რა ვართ ჩვენ და ამიტომ არ არის მისასალმებელი ასეთი ხალხი ჩვენ შორის," - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერმა.
გასულ კვირას, პოლიტიკური ძალის ახალგაზრდული ფრთა ორმა წევრმა დატოვა.
პარტია იტალიის ძმების ფესვები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ ნეო-ფაშისტურ ჯგუფშია, მაგრამ თავად მელონი ბოლო წლებში რადიკალური მემარჯვენეობისგან დისტანცირებას ცდილობდა.
იტალიის მთავრობის საპარლამენტო ურთიერთობის მინისტრმა, ლუკა ცირიანმა, რომელიც იტალიის ძმების წევრია, თქვა, რომ გამოქვეყნებული გამოძიება ეფუძნებოდა "ფრაგმენტულ, კონტექსტის გარეშე გადაღებულ კადრებს."
მიუხედავად იმისა, რომ იტალიის კანონმდებლობა კრძალავს ფაშიზმის გამართლებას, მისი აღსრულდება იშვიათად ხდება.