მემარცხენე პარტიზანი თუ კორუფციასთან მებრძოლი ბიზნესმენი - ვინ იასპარეზებს კოლუმბიის არჩევნების მეორე ტურში?

29 მაისს კოლუმბიაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მემარცხენე კანდიდატმა გუსტავო პეტრომ მოაგროვა.

პეტრო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ივნისში გაიმართება, ბიზნესმენ როდოლფო ერნანდესს დაუპირისპირდება.

ახალბედა პოლიტიკოსმა ერნანდესმა მეორე ტურში მოხვედრის შანსი მოქმედი პრეზიდენტის, ივან დუკეს ფავორიტ კანდიდატ, ფედერიკო გუტიერესს წაართვა.

ჯამში პეტრომ, რომელიც კოლუმბიის სენატის წევრია, ხმათა 40.4 პროცენტი მოაგროვა, მის კონკურენტს კი ნდობა კოლუმბიელი ამომრჩევლების 27.9 პროცენტმა გამოუცხადა.


                                                                                                                     

გუსტავო პეტრო ლათინური ამერიკის მემარცხენე ოჯახის წარმომადგენლად მიიჩნევა. ის კოლუმბიელებს სიმდიდრის გადანაწილების ახალ სქემას, უფასო უმაღლეს განათლებას და სიღარიბესთან ბრძოლას ჰპირდება.

პეტრო 19 აპრილის მოძრაობის (M-19), მემარცხენე პარტიზანული დაჯგუფების წევრი იყო.

ის 2016 წელს FARC- ის დაჯგუფებასთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების სრულად შესრულებას და დარჩენილ აჯანყებულებთან მოლაპარაკებას აპირებს.

ბიზნესმენ როდოლფო ერნანდესის მთავარი პრიორიტეტი კორუფციასთან ბრძოლაა.

თუმცა, კოლუმბიის პროკურატურა 77 წლის კოლუმბიელ პოლიტიკოსს შვილის სასარგებლოდ ლობირებას ედავება.

ერნანდესის მხარდაჭერა გასულ კვირაში გაიზარდა, რასაც სოციალურ მედიაში მის წარმატებულ კამპანიას მიაწერენ.

მსგავსი სიახლეები