ნატოსა და რუსეთს შორის უკრაინის თემაზე მოლაპარაკებები 12 იანვარს გაიმართება

 

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით ნატოსა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე პირველი შეხვედრა 12 იანვარს გაიმართება. 

თავდაპირველად შესაძლო შეხვედრის შესახებ იენს სტოლტენბერგმა დეკემბერში განაცხადა - მაშინ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ამბობდა, რომ ნატო-რუსეთის კომიტეტის სხდომის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. 

საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის მრჩეველის იური უშაკოვის თქმით, შეხვედრა მაღალი ალბათობით ბრიუსელში გაიმართება და მასზე რუსეთს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, მაღალი რანგის დიპლომატები და სამხედრო პირები წარმოადგენენ.

მოსკოვში ვარაუდობენ, რომ შეხვედრის მთავარი თემა რუსეთის მიერ ნატოსთვის წაყენებული მოთხოვნები იქნება - რუსეთი ალიანსისგან ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით. რუსეთი ითხოვს, რომ ტრანს-ატლანტიკურ ბლოკში არ შევიდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები და ამავდროულად უკრაინაში სამხედრო საქმიანობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. 

ამ მოთხოვნებს მოგვიანებით დაემატა 2008 წლის ბუქარესტის სამიტის რეზოლუციის გაუქმება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ტრანს-ატლანტიკური ალიანსის წევრები. 

თავის მხრივ ნატო გამორიცხავს რამენაირ კომპრომისს რუსეთთან აღნიშნულ საკითხზე, ალიანსის ლიდერები ამბობენ, რომ ბლოკში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ალიანსის წევრი და მსურველი სახელმწიფოების გადასაწყვეტია. 

31 დეკემბერს გაიმართა სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ვლადიმირ პუტინს შორის, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს უმკაცრესი ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. 

უფრო მეტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მსგავსი სიახლეები