ნეთანიაჰუ: ოპერაციის მთელი ძალით ვაგრძელებთ, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ

ისრაელის არმიის რიგებში მზარდი მსხვერპლისა და საერთაშორისო წნეხის მიუხედავად პრემიერ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ოპერაციას გაცხადებული მიზნების მიღწევამდე გააგრძელებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასულ უქმეებზე ღაზის მჭიდროდ დასახლებულ კვარტლებში საბრძოლო მოქმედებებს 14 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ჯამურად ღაზის სექტორში დაწყებული სახმელეთო ოპერაციის შემდეგ მოკლულია 153 ისრაელელი სამხედრო. 

ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა 20 ათასს გადააჭარბა. დაჭრილთა რიცხვი 50 ათასს აღემატება, იძულებით გადაადგილებული პირთა რაოდენობამ 1.9 მილიონს უახლოვდება, რაც ომამდელი მოსახლეობის 90%-ის ფარგლებშია. 

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ იუწყებიან - მათი ცნობით, ღაზაში მედიკამენტების, საწვავისა და საკვების მწვავე დეფიციტია. 

22 დეკემბერს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს ღაზაში გატარებული ჰუმანიტარული ტვირთების მოცულობის გაზრდისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია არ შეიცავს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 

24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე ნეთანიაჰუმ კაბინეტის წევრებს უთხრა, რომ "ღაზაში მიმდინარე ოპერაცია ისრაელს დიდი დანაკარგების ფასად უჯდებოდა." მიუხედავად ამისა, პრემიერის თქმით, ისრაელს არ აქვს სხვა არჩევანი - "ჩვენ ვაგრძელებთ ოპერაციას მთელი ძალით, სანამ დასახულ მიზნებს არ მივაღწევთ."

23 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ნეთანიაჰუს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა - ისრაელის პრემიერის კანცელარიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ამერიკელ პრეზიდენტს არ მოუწოდებია ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. 

კონტექსტი 

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სამხედრო კამპანია ჰამასის უპრეცენდეტოდ მასშტაბური თავდასხმის პასუხად დაიწყო. 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა.

მასშტაბური საჰაერო კამპანიისა და თითქმის 2-კვირიანი სრული ბლოკადის შემდეგ ისრაელის არმიამ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. 

ისრაელმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია გაცხადებულ მიზანს - გაანადგუროს ჰამასი როგორც სამხედრო და მმართველი ძალაში ღაზაში და გაათავისუფლოს მძევლები. 

პარალელურად დაძაბულობა ნარჩუნდება ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე - სადაც ჰეზბოლასთან შეტაკებებს 13 ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, საზღვრისპირა ზოლიდან ევაკუირებულია 100 ათასამდე მოქალაქე. 

ნეთანიაჰუს კაბინეტის რადიკალი წევრები მთავრობისა და ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ უფრო მასშტაბური დარტყმებისკენ მოუწოდებენ. ზოგი მათგანი "სირბილის შემთხვევაში" ნეთანიაჰუს მთავრობის დაშლითაც ემუქრება. 

ადგილობრივი წყაროების ცნობით, ისრაელი ღაზაში ნაკლები ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკაზე მომდევნო წლიდან გადავა. 

Washington Post-ის ანალიზის მიხედვით, ღაზაში მიმდინარე ომი ნგრევისა და სამოქალაქო მსხვერპლის მასშტაბით მიმდინარე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი კონფლიქტია. 

 

 

მსგავსი სიახლეები