პუტინმა რუსეთის "მარცვლეულის შეთანხმებაში" დაბრუნების პირობები დაასახელა
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში დაბრუნების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მისი პირობები სრულად დაკმაყოფილდება. ამის შესახებ რუსეთის რეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებით რუსეთის ფედერაციამ "ამტანობისა და შემწყნარებლობის საოცარი მაგალითი აჩვენა."
"ამავდროულად, არავინ აპირებდა რაიმე ვალდებულებისა და შეთანხმებების შესრულებას, არამედ მუდმივად მოითხოვდა რაღაცას რუსეთის ფედერაციისგან," - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე განაცხადა, რომ "მარცვლეულის შეთანხმებამ," რუსი ფერმერებისთვის 1.2 მილიარდი დოლარის პირდაპირი ზარალი გამოიწვია.
"ჩვენს ქვეყანას შეუძლია ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციულ, ისე თავისუფალ საფუძველზე, უფრო მეტიც, წელს ისევ რეკორდულ მოსავალს ველოდებით. "მარცვლეულის შეთანხმების" გაგრძელებამ იმ სახით, როგორც ის არსებობდა, ყოველგვარი აზრი დაკარგა. ამიტომ ჩვენ მის შემდგომ გახანგრძლივებას ვეწინააღმდეგებით... ჩვენ არ ვართ თავად შეთანხმების წინააღმდეგი, როგორც ასეთი. ჩვენ განვიხილავთ მასში დაბრუნების შესაძლებლობას, ოღონდ ერთი პირობით - თუ ისინი სრულად გაითვალისწინებენ და რაც მთავარია, გამონაკლისის გარეშე შეასრულებენ შეთანხმებაში მონაწილეობის ყველა პრინციპს," - განაცხადა პუტინმა.
შეთანხმების გასაგრძელებლად მან შემდეგი პირობების შესრულება მოითხოვა: რუსული მარცვლეულისა და სასუქის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტზე სანქციების მოხსნა, ბანკების SWIFT-თან დაკავშირება და "ყველა შეზღუდვის" გაუქმება.
პირობებს შორის მან ასევე დაასახელა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სათადარიგო ნაწილების მიწოდების განახლება და "რუსული გემების ტვირთის გადაზიდვისა და დაზღვევის საკითხის გადაწყვეტა."
გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ "ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობა უნდა აღდგეს." ასევე, მისი თქმით, უნდა განიბლოკოს ის "რუსული აქტივები, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან არის კავშირში."