რობერტ ფიცო უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო და უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ერთმანეთს დასავლეთ უკრაინის ქალაქ უჟჰოროდში შეხვდნენ, სადაც აღნიშნული ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებას.
შეხვედრამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა სკანდალური კომენტარი გააკეთა კიევში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „კიევში ომში არ არის“.
"სერიოზულად ფიქრობთ, რომ კიევში ომია? თქვენ ალბათ ხუმრობთ, იმედია ამას სერიოზულად არ ამბობთ. წადით იქ და გაიგებთ, რომ ქალაქში ნორმალური ცხოვრებაა, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრება", - რობერტ ფიცო.
რობერტ ფიცომ დენის შმიგალთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ევროპის კავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეწინააღმდეგება ამ უკანასკნელის ნატო-ში მიღებას. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის გაწევრიანების საკითხს კენჭს უყრის, სლოვაკეთი ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინოსტრმა ხაზი გაუსვა, რომ მას რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო გზით გადაწყვეტის არ სჯერა და მიესალმება ე.წ. სამშვიდობო გეგმას. რობერტ ფიცოს აზრით, უკრაინის სამხედრო დახმარება, კონფლიქტს მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს.
კონტექსტი
30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% რობერტ ფიცოს პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა. კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც ჯამში 79 მანდატი აქვთ.
რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მეოთხედ მოახერხა.
მის პოლიტიკურ გაერთიანება - „სმერს“, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 წელს შეძლო, წლებია აკრიტიკებენ კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლაში, მედია და სასამართლო დამოუკიდებლობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ოპონენტების დევნაში, კორუფციის აყვავებაში და ა.შ.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სლოვაკეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, ჯავშანტექნიკა და საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები გადასცა, თუმცა ხელისუფლების სათავეში რობერტ ფიცოს მოსვლის შემდეგ, სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.