საფრანგეთი ომიკრონ შტამის გამო ბრიტანეთიდან მოგზაურობას ზღუდავს

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ომიკრონ შტამის გავრცელების გამო მიმოსვლა შეიზღუდება.

შაბათიდან ბრიტანეთიდან საფრანგეთში შესვლის უფლება მხოლოდ იმ ადამიანებს ექნებათ, ვისაც ამის განსაკუთრებული მიზეზი აქვს. გაერთიანებული სამეფოდან საფრანგეთში ჩასული ყველა ადამიანი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.

შეიზღუდება საქმიანი ვიზიტებიც. საფრანგეთში ჩასულ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ბოლო 24 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ 48 სააათი იზოლაციაში უნდა გაატაროს, შემდეგ კი კიდევ ერთხელ დაიტესტოს.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ შეზღუდვების მიზანი ვირუსის გავრცელების პრევენციაა.

ბრიტანეთის ხელისუფლებაში კი მიიჩნევენ, რომ ომიკრონ ვარიანტი უკვე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და მსგავსი შეზღუდვების დაწესებას აზრი არ აქვს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა მაქს ბლეინმა განაცხადა, რომ საფრანგეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეფექტური არ იქნება.

გაერთიანებულ სამეფოში ოთხშაბათს კორონავირუსით ინფიცირების 79 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

მსგავსი სიახლეები