საპროტესტო აქციების ფონზე ტუნისის პრეზიდენტმა პრემიერი გადააყენა
მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე ტუნისის პრეზიდენტმა კაის საიდმა პრემიერი, ჰიშამ მაშიში გადააყენა. ამავდროულად, პრეზიდენტმა დაშლილად გამოაცხადა ქვეყნის პარლამენტი და გააუქმა სადეპუტატო ხელშეუხებლობის კანონი.
კაის საიდის თქმით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე კაბინეტს თვითონ უხელმძღვანელებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის ან ნახდას [აღორძინება] მწვავე პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის სპიკერმა რაშიდ განუშიმ პრეზიდენტი საკონსტიტუციო წყობის დამხობაში დაადანაშაულა.
25 ივლისს ტუნისის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნაც ქვეყნის პარლამენტის დაშლა და ახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო. დემონსტრანტები ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებას ითხოვდნენ, მათი პროტესტის მთავარი მიზეზი მმართველი პარტიის პოლიტიკაა, რომელიც ხელისუფლებაში 2011 წლის შემდეგ იმყოფება.
ბოლო წლის განმავლობაში ტუნისში საპროტესტო განწყობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ძირითადად მწვავე ეკონომიკურ კრიზისს და ხელისუფლების ანტი-პანდემიურ ჩავარდნილ კამპანიას უკავშირდება.
კაის საიდი ტუნისის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საიდმა ხმა 72%-ით გაიმარჯვა.