შვედეთი დაჟინებით მოითხოვს ნატოში ფინეთთან ერთად გაწევრიანებას
შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ითხოვს, რომ ნატოში გაწევრიანების შესახებ მისი ქვეყნისა და ფინეთის წინადადებები, "სტრატეგიული მიზეზების გამო", ერთდროულად უნდა იყოს რატიფიცირებული.
შვედეთის მთავრობის მეთაურის სიტყვებს Financial Times 19 თებერვალს ავრცელებს.
"შვედეთსა და ფინეთს შორის მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა ნატოში გაწევრიანებამდე ძალიან გართულდება, თუ ჩვენ ცალკე მიგვიღებენ", - თქვა კრისტერსონმა. მისი თქმით, ორ ქვეყანას, მსოფლიოს "ჩვენს ნაწილში აქვს შესაძლებლობები, რომლითაც ისარგებლებს ნატოს ყველა ქვეყანა, მათ შორის თურქეთი."
"ჩვენ ერთად დავიწყეთ ეს პროცესი, ერთად გვიარეთ ეს გზა და გვინდა, რომ ერთად დავასრულოთ. ძალიან, ძალიან კარგი მიზეზებია ჩვენი ერთდროულად რატიფიცირებისთვის", - აღნიშნა კრისტერსონმა.
შვედეთის პრემიერი: თურქეთის შესაძლო უარი საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას
"თურქეთის შესაძლო უარი განცხადების რატიფიცირებაზე, უარყოფით გავლენას მოახდენს შვედეთზე, მთელ რეგიონზე, ნატოზე, ისევე როგორც ჩრდილოეთის ორი ქვეყნის შესაძლებლობაზე ერთად უზრუნველყონ უსაფრთხოება სამეზობლოში ომის დროს", - განაცხადა შვედეთის პრემიერმა.
კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა, თუ ფინეთი შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შვედეთის მოლოდინის გარეშე, კრისტერსონმა უპასუხა, რომ ის "არ განიხილავს" ასეთ სცენარს, მაგრამ "თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება."
Financial Times წერს, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი დაეთანხმა თავის კოლეგას.
"შვედეთისა და ფინეთის ერთდროული გაწევრიანება ნატოს ინტერესებშია. ჩვენ გვირჩევნია და გვინდა ერთად შევიდეთ ორგანიზაციაში", - თქვა მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
კრისტერსონი: შვედეთმა შეასრულა თურქეთის ყველა პირობა
კრისტერსონის თქმით, სტოკჰოლმმა შეასრულა ფინეთის, შვედეთისა და თურქეთის სამმხრივი მემორანდუმის ყველა პუნქტი, რომელიც ანკარის მოთხოვნების ჩამონათვალში იყო. ეს მოიცავს ქურთი აქტივისტებისგან დისტანცირებას, რომლებსაც თურქეთი ტერორისტებად თვლის, ქვეყნისთვის იარაღის ემბარგოს მოხსნას და ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის დაპირებას.
შვედეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ბოლო პუნქტი 2 მარტს შესრულდება, როდესაც მთავრობა ახალ გადაწყვეტილებას მიიღებს ანტიტერორისტულ კანონმდებლობაზე.
"ეს ისეთი დიდი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომ ჩვენ კონსტიტუცია უნდა შეგვეცვალა მის მისაღებად", - თქვა მან.
მანამდე ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ აღიარა, რომ მისი ქვეყანა ნატოში შვედეთის გარეშე გაწევრიანდებოდა, თუ თურქეთის მთავრობა სტოკჰოლმის გადაწყვეტილებებს მისთვის მისაღებად არ ჩათვლიდა.