სი ძინფინგი: ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი და ექსტრემალური სცენარებისთვის
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა 30 მაისს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარების საჭიროებაზე ისაუბრა.
ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua წერს.
სტატიის მიხედვით, კომისიის სხდომაზე სი ძინფინგის ხელმძღვანელობით, "ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების სირთულე და სერიოზულობა მკვეთრად გაიზარდა."
"ეროვნული უსაფრთხოების ფრონტმა უნდა გააძლიეროს თავისი სტრატეგიული თავდაჯერებულობა, ჰქონდეს საკმარისი ნდობა გამარჯვების უზრუნველსაყოფად და მკაფიოდ იცოდეს მისი ძალა და უპირატესობები. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაზე ცუდი და ექსტრემალური სცენარებისთვის, მზად უნდა ვიყოთ გავუძლოთ ძლიერი ქარის, ტალღების და თუნდაც საშიში ქარიშხლების მძიმე გამოცდას", - თქვა ჩინეთის ლიდერმა.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის აშენების აუცილებლობაზე, რათა უკეთ იყოს დაცული ჩინეთის განვითარების ახალი მოდელი.
CNN აღნიშნავს, რომ სი ძინფინგმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც პეკინი "მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა ეკონომიკის სტაგნაცია და მტრული საერთაშორისო გარემო."