სტოლტენბერგი: ჩვენი ძალები კოსოვოში მზად არიან მოქმედებისთვის
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, სერბეთსა და კოსოვოს შორის არასტაბილურობის რისკის შემთხვევაში ადგილზე დისლოცირებული ნატოს ძალები მზად არიან მოქმედებისთვის.
ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კარგია, რომ ადგილზე ვითარება გაუმჯობესდა, შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდება ორივე მხარის პასუხისმგებლობაა, როგორც ბელგრადის, ასევე პრიშტინას. ორივე მხარეს მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ - ნატო კვლავ ყურადღებით აკვირდება ვითარებას. ადგილზე დისლოცირებული ჩვენი სამშვიდობო დანაყოფი [KFOR] ფოკუსირებულია გაეროთი გათვალისწინებული მანდატის შესრულებაზე. არასტაბილურობის რისკის შემთხვევაში ჩვენი დანაყოფი მზად არის მოქმედებისთვის",- განაცხადა სტოლტენბერგმა.
კონტექსტი
კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარება ივლისის მიწურულს დაიძაბა, ადგილი ჰქონდა სამხედრო ნაწილების მობილიზებას და სამოქალაქო დაძაბულობას.
მაშინ სერბეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ კოსოვო სერბეთზე თავდასმას გეგმავდა, თუმცა ვითარება მალე აშშ-ს ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
დაძაბულობის მიზეზი თავდაპირველად სერბეთის მიერ კოსოვოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი და სხვა დოკუმენტების ძალადაკარგულად გამოცხადება იყო.
მოგვიანებით სერბეთის გადაწყვეტილებას სარკისებურად უპასუხა კოსოვომაც და ადმინისტრაციულ საზღვარზე სერბული დოკუმენტაციის მქონე პირების შესვლა აკრძალა.
აგვისტოს დასაწყისში კოსოვოს მთავრობამ ახალი კანონის ამოქმედების ვადა 1 თვით გადაწია.