ტაივანი: ჩინეთი სამხედრო წვრთნებს კუნძულზე იერიშის მოსამზადებლად იყენებს
ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჩინეთი კუნძულის გარშემო გამართულ სამხედრო წვრთნებს იერიშის ოპერაციის მოსამზადებლად იყენებს.
„პეკინი მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ატარებს, რაც სარაკეტო გამოცდებს, კიბერ-შეტევებს, დეზინფორმაციის გავრცელებას და ეკონომიკური იძულების ინსტრუმენტებს მოიცავს - რაც ტაივანში საზოგადოების დემორალიზებას ემსახურება“, - განაცხადა ჯოზეფ ვუმ.
ტაივანის მთავარი დიპლომატის განცხადებით, წვრთნების დასრულების შემდეგ ჩინეთი მსგავს ქმედებებს პერმანენტულ ხასიათს მისცემს, რაც ტაივანის სრუტეში სტატუს-კვოს ცვლილებით ემუქრება.
ჩინურ სამხედრო მანევრებს ტაივანის თავდაცვის ძალებმა საპასუხო წვრთნებით უპასუხეს.
ტაივანის ძალების წვრთნები აკვატორიაში ჰაუბიცებით სროლას მოიცავდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ჩინური და ტაივანური ხომალდები ე. წ. მედიანური ხაზის გასწვრივ (ტაივანის სრუტეში) ერთმანეთთან „ძალიან ახლო მანძილზე“ ნაოსნობდნენ, რაც ორი ქვეყნის ფლოტს შორის ინციდენტის ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
ჩინეთმა ტაივანის წყლების მახლობლად წვრთნები კუნძულზე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტის შემდეგ დაიწყო, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
პეკინი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და კუნძულზე კონტროლის „სამხედრო გზით“ დამყარებაზე საუბრობს.