ტაივანის პრეზიდენტი აშშ-ში 10-დღიან ვიზიტზე მიემგზავრება - ჩინეთი ისევ იმუქრება

ჩინეთის საგარეო უწყება იმუქრება მკაცრი ნაბიჯებით, თუ ტაივანის პრეზიდენტი აშშ-ში კონგრესის სპიკერს კევინ მაკკარტის შეხვდება. 

"ამგვარი შეხვედრა იქნება კიდევ ერთი პროვოკაცია, მორიგი საბოტაჟი ტაივანის სრუტეში სტაბილურობისა და მშვიდობის საწინააღმდეგოდ",- ნათქვამია ჩინეთის მთავრობის ტაივანის დეპარტამენტის განცხადებაში. 

სახალხო რესპუბლიკის ამგვარი რეაქცია ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის გეგმებმა გამოიწვია - თვითმმართველი კუნძულის ლიდერი აშშ-ში 10-დღიანი ვიზიტით მიემგზავრება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობის პირთან გეგმავს შეხვედრას. 

"ამ ვიზიტით მსურს კიდევ ერთხელ გავაჟღერო გზავნილი, რომ ტაივანი დაიცავს საკუთარ თავისუფლებას და დემოკრატიას",- განაცხადა ცაი ინგ-ვენმა ტაიპეიდან გამგზავრებამდე. 

ტაივანის პრეზიდენტი 2 ღამით ნიუ-იორკში დარჩება, ხოლო შემდეგ კი გუატემალასა და ბელიზეში გაემგზავრება, ორივე სახელმწიფო იმ 13 ქვეყანას შორისაა, რომელიც აღიარებს ტაივანის სახელმწიფოებრიობას. 

ცაი, რომლის მეორე საპრეზიდენტ ვადა მომდევნო წელს იწურება 30 მარტს მიიღებს ჰუდსონის ინსტიტუტის გლობალური ლიდერების ჯილდოს. წარსულში ამ ჯილდოს მფლობელები არიან, რონალდ რეიგანი და იაპონიის ყოფილი პრემიერი, სინძო აბე. 

კონტექსტი 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

ტაივანთან მიმართებით აშშ წლების განმავლობაში ე.წ. სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკას ინარჩუნებდა - მიდგომის ფარგლებში აშშ არ ამჟღავნებდა ჩაერეოდა თუ არა სამხედრო გზით კონფლიქტში ჩინეთის თავდასხმის შემთხვევაში. 

ამ პოლიტიკის ცვლილებად იქნა აღქმული პრეზიდენტ ბაიდენის წლევანდელი განცხადებები - 2022 წელს ჯო ბაიდენმა ოთხჯერ განაცხადა, რომ კუნძულის დასაცავად აშშ ძალას გამოიყენებდა.

მსგავსი სიახლეები