ტაივანის საჰაერო სივრცეში ჩინეთის 29 სამხედრო თვითმფრინავი შეიჭრა
ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნძულის საჰაერო სივრცეში ჩინეთის 29 გამანადგურებელი შეიჭრა.
ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთის მხრიდან ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევის მეხუთე შემთხვევაა.
ბოლო თვეების განმავლობაში ტაივანის ირგვლივ ვითარება გამუდმებით იძაბება. ტაივანში აშშ-ს კონგრესის დელაგაციის ვიზიტის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა.
რამდენჯერმე დაფიქსირდა ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევაც. კუნძულის ირგვლივ იძაბება რიტორიკას - თავის აზიურ ტურნეში ყოფნისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს სამხედრო კუთხით დაეხმარებოდა.
მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიდენს საგანგებო განცხადებით უპასუხა, რომელშიც მოუწოდა ამერიკელ პრეზიდენტს წინ არ აღდგომოდა 1.4 მილიარდ ჩინელს.
ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი
ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად ტაივანს დამარცხებული გენერალი ჩან კაიშის პარტია მართავდა.
ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს კუნძული თუნდაც ძალის გამოყენებით.
ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები.
ქვეყნების აბსოლიტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს, მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.
ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტაბები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს.