ტაივანის სრუტეში ამერიკულმა კრეისერებმა გაიარეს

28 აგვისტოს ტაივანის სრუტეში ორმა ამერიკულმა კრეისერმა USS Antietam და USS Chancellorsville გაცურა.

აშშ-ს მეშვიდე ფლოტში აცხადებენ, რომ სრუტეში ნაოსნობა სამხედრო ხომალდების „რუტინის“ ნაწილი იყო.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ სრუტეში ტრანზიტი წყნარი ოკეანის ფლოტს „დიდი ხნის დაგეგმილი“ ჰქონდა.

„აშშ-ს შეიარაღებული ძალები დაფრინავს, ნაოსნობს და მოქმედებს ყველგან, სადაც ეს საერთაშორისო კანონმდებლობით არის დაშვებული“, - აცხადებს კირბი.

ამერიკული ხომალდების სრუტეში გავლას ყურადღებით აკვირდებოდნენ პეკინში.

ჩინეთის სახალხო განთავისუფლების არმიის აღმოსავლეთ თეატრის სარდლობაში განაცხადეს, რომ ამერიკული გემების ტრანზიტს „მაღალი სამხედრო მზადყოფნით შეხვდნენ და პროვოკაციის აღმოსაფხვრელად მზად არიან“.

ტაივანის სრუტეში ვითარება 2 აგვისტოს კუნძულზე ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა.

მას შემდეგ ჩინეთმა ტაივანის მახლობელ წყლებში მასშტაბური წვრთნები გამართა.

ტაიპეიში შიშობენ, რომ პეკინი კუნძულზე სამხედრო გზით კონტროლის დასამყარებლად ემზადება.

 

მსგავსი სიახლეები