თალიბანის დელეგაცია ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლებს შეხვდა
15 თებერვალს კატარის დედაქალაქ დოჰაში თალიბანის დელეგაციას და ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც გასულ წელს ავღანეთში ძალაუფლების სადავეები ჩაიგდო ხელში, დასავლეთს ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასარიდებლად დახმარებას სთხოვს.
გაეროს შეფასებით, ავღანეთის მოსახლეობის 97 პროცენტი სიღარიბის ზღვართანაა ახლოს, 23 მილიონ ავღანელს კი წელს შიმშილობა ემუქრება.
აშშ და ევროკავშირის ქვეყნები თალიბანს, რომელიც გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება, ავღანეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ აღიარებს.
შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა თომას ნიკლასონმა განაცხადა, რომ ბრიუსელმა ავღანელი ხალხის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 500 მილიონი ევრო გამოყო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ავღანეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან სამნახევარი მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული შემწეობის ფონდში გადარიცხვას ითვალისწინებს.
თუმცა, დასავლეთი ქაბულისთვის ფინანსური დახმარების აღდგენას თალიბანის მიერ ავღანეთში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირებას.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბებმა ქალების უფლებების შეზღუდვა განაახლეს და უფლებადამცველ და სხვა სამოქალაქო ჯგუფების დევნა გააძლიერეს.