TikTok-ის მშობელმა კომპანიამ, ByteDance-მა აღიარა, რომ ორი ჟურნალისტის პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენების გამო ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლა.
კომპანიის ცნობით, შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებმა Financial Times-ისა და BuzzFeed News-ის ჟურნალისტების IP მისამართები, მათთან დაკავშირებული მომხმარებლების ვინაობა და კიდევ სხვა ინფორმაცია ამოიღეს.
IP მისამართი, რომელიც ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობის მდებარეობას განსაზღვრავს, მომხმარებლის მდებარეობის დასადგენად გამოიყენება. ByteDance-ის ცნობით, მათმა აწ უკვე გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ეს ინფორმაცია იმისათვის გამოიყენეს, რათა გაერკვიათ, უკავშირდებოდნენ თუ არა ჟურნალისტები ByteDance-ის სხვა თანამშრომლებს.
გამოძიებამ ასეთ კვალს ვერ მიაგნო.
Financial Times-ში ამბობენ, რომ მათი ჟურნალისტი, კრისტინა კრიდლი, TikTok-მა განზრახ ამოიღო მიზანში, რადგან მან ჩინური კომპანიის ლონდონის ოფისში არსებულ დაპირისპირებაზე დაწერა.
"ჟურნალისტების თვალთვალი, მათ სასქმიანობაში ჩარევა ან მათ წყაროებზე ზეწოლა სრულიად მიუღებელია. ფორმალური პასუხამდე ამბავს სრულად გამოვიძებთ", - ნათქვამია ბრიტანული გაზეთის განცხადებაში.
შემთხვევას გამოეხმაურა ამერიკული გამოცემა Forbes-იც. მათი ინფორმაციით, TikTok-ი მათ სამ ჟურნალისტს უთვალთვალებდა, რომლებიც წარსულში BuzzFeed News-ში მუშაობდნენ. ByteDance-ში ამას უარყოფენ.
ამ ყველაფრის ფონზე აშშ-ში TikTok-ის შეზღუდვაზე მუშაობენ. აშშ-ს სენატმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის სამთავრობო მოწყობილობებზე ტიკტოკის აპლიკაციის გადმოწერას კრძალავს.
"ტიკტოკი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტროას ცხენია და აშშ-ს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს", - განაცხადა სენატორმა ჯოშ ჰოულიმ, რომელიც ერთხმად დამტკიცებული კანონპროექტის ავტორია.
მსგავსი შეზღუდვები უკვე დააწესეს აშშ-ს 19 შტატში.
აშშ-ში აპლიკაციის შეზღუდვა ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტმა, დონალნდ ტრამპმა სცადა, თუმცა მისმა მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა წინამორბედის ინიციატივა უკუაგდო.