ანგარიში: თალიბანმა ავღანეთის უშიშროების ძალების 100-მდე თანამშრომელი მოკლა ან „გააქრო“
ავღანეთში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თალიბანმა უშიშროების ძალების 100-მდე თანამშრომელი მოკლა ან „გააქრო“, წერია Human Rights Watch-ის ანგარიშში.
გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების 47 წევრი, რომლებიც აგვისტოში თალიბანს ჩაბარდნენ, სიკვდილით დასაჯეს.
ანგარიშის თანახმად, ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ თალიბანის ლიდერებმა უშიშროების ძალების ყოფილ მოსამსახურეებს პირადი ინფორმაციის გადაცემა და სანაცვლოდ „ხელშეუხებლობის გარანტიის“ მიღება მოსთხოვეს, თუმცა მალე აღნიშნული მონაცემები ამ პირების ლიკვიდაციისთვის გამოიყენეს.
მოკლული ან გამქრალია კიდევ 53 პირი, რომლებიც უშიშროების ძალებში მუშაობდნენ.
HRW-ს კვლევა ღაზნის, ჰელმანდის, ყანდაარის და ქუნდუზის პროვინციებში არსებულ ვითარებას ასახავს, თუმცა ავღანეთის სხვა პროვინციებშიც მსგავსი მდგომარეობაა - ვკითხულობთ ანგარიშში.
“შურისძიების გამო მკვლელობა ჩვენი მთავრობის ინტერესებში არ არის. ეს ისლამური საამიროს რეპუტაციას ავნებს“, - განაცხადა თალიბანის სპიკერმა ინამულა სამანგანიმ.