"დათმოს ჩირაღდანი" - გავლენიანი დემოკრატი ბაიდენს მოუწოდებს მოხსნას კანდიდატურა

14 ივლისს დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფონზე განვითარებული დროებითი პაუზის შემდეგ ჯო ბაიდენის კრიზისი გასულ 24 საათში ხელახლა გამწვავდა. 

ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდა ადამ შიფფმა - ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დემოკრატმა, რომელიც 2020-2022 წლებში კონგრესის დაზვერვის კომიტეტს ხელმძღვანელობდა და ნოემბერში კალიფორნიის სენატორის არჩევნების ფავორიტია. 

შიფის განცხადებიდან მალევე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც გაუქმდა წინასაარჩევნო შეხვედრა ნევადაში, ხოლო ბაიდენი დელავარის შტატის მშობლიურ სახლში თვითიზოლაციაზე გადავიდა. 

გასულ კვირებში ბაიდენი აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს, რითიც თანაპარტიელებისა და ამომრჩევლების დარწმუნებას ცდილობს, რომ მას კვლავ შეუძლია ქვეყანას მომდევნო 4 წლით ეფექტურად გაუძღვეს წინ. 

 

ადამ შიფი პირველი დემოკრატია, რომელმაც ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საჯაროდ მოუწოდა. ჯამურად ბაიდენს საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლისკენ უკვე 23-მა კონგრესმენმა მოუწოდა, თუმცა ადამ შიფი მათ შორის უპირობოდ ყველაზე გავლენიანია. 

შიფი დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერისა და ამ დრომდე ავტორიტეტული, ნენსი პელოსის უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევა. ამერიკული მედიის ცნობით, დემოკრატიულ პარტიაში ბაიდენის კანდიდატურით უკმაყოფილება მზარდია და მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირაში სესიის განახლების შემდეგ მსგავსი მოწოდებები გახშირდება. 

 

საჯარო წერილში შიფი ბაიდენს ქვეყნის ისტორიაში "ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან" პრეზიდენტს უწოდებს, მაგრამ ამავდროულად ეჭვი ეპარება შეუძლია თუ არა მას ტრამპის მეორედ დამარცხება. 

"ცხადია კამპანიის შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ ჯო ბაიდენმა უნდა მიიღოს, მე ვფიქრობ, რომ დროა ჩირაღდანი დათმოს"- ნათქვამია ადამ შიფის წერილში. 

მზარდი და საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების მიუხედავად თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ბაიდენი თანაპარტიელების მყარი მხარდაჭერით სარგებლობს. გასულ კვირას თანაპარტიელებისთვის გაგზავნილ წერილში რბოლაში დარჩენის მყარი გადაწყვეტილების შესახებ წერდა თავად ბაიდენიც. 

 

"მე მესმის იმ წუხილებს რაც ადამიანებს აქვთ და მხედველობაში ვიღებ, თუმცა აბსოლიტურად დარწმუნებული ვარ, დონალდ ტრამპის დამარცხების საუკეთესო შანსი სწორედ მე მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კენჭს არ ვიყრიდი",- წერს ბაიდენი. 

ამავე წერილში შიფი წერს, რომ მხარს დაუჭერს პარტიის ნებისმიერ კანდიდატს, მათ შორის ჯო ბაიდენსაც, რადგანაც მისი თქმით, ტრამპის გამარჯვება რისკია ამერიკული დემოკრატიისთვის. 

 

დონალდ ტრამპთან გამართული უიღბლო დებატების შემდეგ ჯორჯ სტეფანოპოლუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ბაიდენი ამბობდა, რომ კანდიდატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნიდა თუ ამას "ყოვლისშემძლე ღმერთი ეტყოდა."

ბაიდენის კატეგორიული ტონი გასულ დღეებში შერბილდა - 17 ივლისს BET-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ კანდიდატურას მოხსნიდა თუ შესაბამის რჩევას ექიმები მისცემდნენ. 

სავარაუდოა, რომ ბაიდენის პოზიციებს კიდევ უფრო შეასუსტებს AP-NORC-ის კვლევა, რომლის მიხედვითაც დემოკრატებს თითქმის ორ-მესამედს არ სურს, რომ მან მეორე ვადით იყაროს კენჭი. 

 

მსგავსი სიახლეები