Economist: ყირიმი უკრაინისთვის რთული და სისხლიანი ოპერაცია იქნება

ყირიმის გათავისუფლება უკრაინისთვის რთული და სისხლიანი ოპერაცია იქნება, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანას, დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა ჯერჯერობით გარანტირებული არ აქვს. 

ამ ინფორმაციაზე, Economist-ის მიერ ამ მომზადებულ მასალაშია საუბარი

ავტორი წერს, რომ უკრაინის არმიის მიერ წამოწყებული 2 წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, მომენტუმი მათ მხარესაა და უკრაინელი ჯარისკაცების სულისკვეთება უპრეცედენტოდ მაღალია. მასალაში აღნიშნულია, რომ უკვე მიღწეული საბრძოლო გამარჯვებების მიუხედავად, უკრაინისთვის უფრო რთული იქნება იმ ტერიტორიების გათავისუფლება, რომლებიც 2014 წლიდან არის ოკუპირებული. უმთავრესად, საუბარია ყირიმსა და დონბასის იმ ნაწილზე, სადაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა.

ამ ვარაუდის გასამყარებლად, ავტორს რამდენიმე არგუმენტი მოჰყვას. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ ყირიმის გათავისუფლების მცდელობის შემთხვევაში, უკრაინას არ აქვს დასავლეთისგან გარანტირებული იმ ხარისხის სამხედრო მხარდაჭერა, რითიც ამ მომენტში სარგებლობს. 

ამის მიზეზი ის არის, რომ დასავლეთში შიშობენ - ყირიმის დაბრუნების მცდელობა, გამოიწვევს კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას, რაც ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს გაზრდის. 

გამოცემასთან საუბარში, უკრაინელი სამხედრო მეთაურები ამბობენ, რომ მათი გენერალური გეგმა უცვლელია და მიზანი უკრაინის სრული გათავისუფლებაა, თუმცა სამხედროები არ საუბრობენ მათ ტაქტიკურ გეგმებზე და შემდგომ ნაბიჯზე. 

"ჩვენ, რომ გეგმები სოციალური ქსელით ან ტელევიზორით გაგვეჟღერებინა, ვერაფერს მივაღწევდით",- ამბობს გამოცემასთან საუბარში, საჰაერო ძალების მეთაური, მიხაილო ზაბროდსკი.

გენერალ-ლეიტანტის თქმით, რომ ყირიმის გათავისუფლება არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ ამ გეგმებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და სიახლეებს 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ - "მანამდე კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს მოსაგები, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ ოკუპანტ ძალას ყოველთვის უჭირს ყირიმის შენარჩუნება". 

ЗСУ-ს ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ განიხილება ყველანაირი სამხედრო ოპერაცია, მათ შორის იერიში იმ ტერიტორიებზე, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. ხერსონის გათავისუფლების შემდეგ ყირიმში მიმავალი სამხედრო გზების დიდი ნაწილი უკრაინული არტილერიის და განსაკუთრებით HIMARS-ების მოქმედების არეალშია. 

სატელიტილური ფოტოები და სადაზვერვო ინფორმაცია აჩვენებს, რომ ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაცია, უკრაინის მხრიდან სახმელეთო შეტევისთვის ემზადება - ფოტოებზე ჩანს ახალი თავდაცვითი ზღუდეები, სანგრები და დამაბრკოლებელი თხრილები, ნახევარკუნძულის რამდენიმე რაიონში გაზრდილია ე.წ. ტერორისტული საფრთხის დონეც. თავდაცვითი ზღუდეები იმართება ჯანკოის სამხედრო აეროდრომის გასწვრივაც, რომელსაც აგვისტოში უკრაინის სპეციალურმა დანაყოფებმა წარმატებით შეუტიეს. 

მიუხედავად ამისა, ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენებიდან ნათელია, რომ უკრაინის პრიორიტეტი ჯერჯერობით ყირიმი არ არის - ამ დროისთვის უკრაინელები დონბასსა და ხერსონის ობლასტს შორის მოქცეული ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსების მომარაგების ხაზების განადგურებას ცდილობენ.

სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო კორიდორი უკრაინისთვის პრიორიტეტული სამიზნე უნდა იყოს, სადაც მათ შედარებით სწრაფი და ეფექტური დარტყმების მიტანა შეუძლიათ. 

მიუხედავად იმისა, რომ ფრონტის ამ ხაზზეც რუსები სწრაფად ემზადებიან თავდაცვითი პოზიციების გასამაგრებლად უკრაინის არმიის მეთაურები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ტაქტიკა ამ შემთხვევაშიც წარმატებული იქნება - "უკვე ყველა დონეზე ვაჩვენეთ, რომ ჩვენს მიერ არჩეული ტაქტიკა და მტრის ლოჯისტიკის განადგურებაზე ფოკუსირება სწორი ტაქტიკაა. ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ". 

უკრაინელებს ხელს უწყობს ისტორიული გამოცდილებაც - ყირიმი არაერთხელ გამხდარა დიდ სახელმწიფოებს შორის მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების ბრძოლის ველი. განსხვავებით 2014 წლის ანექსიისგან, რომელმაც პრაქტიკულად უსისხლოდ ჩაიარა, გასულ საუკუნეებში ყირიმისთვის გამართული ბრძოლები მასშტაბური მსხვერპლით და სისხლიანი ბრძოლებით სრულდებოდა. 

1853 წელს გამართული ყირიმის ომის გამოცდილება აჩვენებს, რომ ნახევარკუნძულის დაკავება ვიწრო მდელოებისა და ჭაობიანი ადგილების სწრაფად გადაკვეთას მოითხოვს. 

ნახევარკუნძულის გეოგრაფიის მცოდნე სამხედროები ამბობენ, რომ ყირიმის ტოპოგრაფიის ფონზე უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ დაფიქრდეს. უკრაინელი ადმირალი მიხაილო ჟიბარევი, რომელმაც 1992 წელს საკუთარი მეთაურობის ქვეშ მყოფი ფრეგატის უკრაინულად გამოცხადებით სსრკ-ს შავი ზღვის ფლოტის გაყოფას დაუდო საფუძველი ამბობს, რომ ყირიმის დასაბრუნებლად საუკეთესო სტრატეგია შესაძლოა დიპლომატია იყოს. 

უკრაინის საზღვაო ფლოტის თადარიგის კაპიტნის, ანდრეი რიჟენკოს თქმით, "ყირიმის გასათავისუფლებად აუცილებელი იქნება არმიის სხვადასხვა დანაყოფების თითქმის იდეალური კოორდინაცია და არსებობს რეალური შანსი, რომ უკრაინამ უმძიმესი დანაკარგები განიცადოს". 

თავის მხრივ, გენერალ-ლეიტენანტი, მიხაილო ზაბროდსკი გამოთქმულ სკეპსისზე პასუხობს, რომ ЗСУ განსხვავებულ ტაქტიკაზე მუშაობს, რომელიც ეფექტური იქნება. ზაბროდსკის თქმით, უკრაინა არ აპირებს ყირიმზე პირდაპირი ფრონტალური იერიშით წავიდეს - "არსებობს სხვა საინტერესო შესაძლებლობები გაერთიანებული ოპერაციისთვის, რომელიც მოიცავს სახმელეთო ჯარებს, საზღვაო დესანტის გადასხმას და საჰაერო შეტევებს". 

ზაბროდსკის თქმით, უკრაინა კვლავ ასიმეტრიული სამხედრო ტაქტიკის ერთგული იქნება, ტაქტიკის, რომელმაც თავისი ეფექტურობა სევასტოპოლის პორტზე განხორცილებული შეტევებისა და ქერჩის ხიდის აფეთქების დროს თავისი ეფექტურობა აჩვენა - "ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავაოცებთ ყველას",- ამბობს გამოცემასთან საუბარში გენერალი. 

საჯარო გამოსვლებში დასავლელი ლიდერები მხარს უჭერენ უკრაინის ლიდერების გეგმას ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა რიტორიკაში განსხვავებები უკვე იგრძნობა. 

პირველი ვინც ამის შესახებ ღიად განაცხადა აშშ-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური მარკ მილი იყო - 16 ნოემბერს რამშტაინის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე მილიმ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ყირიმის გათავისუფლების შანსი მაღალი არ არის და შესაძლოა, პოლიტიკურ გადაწყვეტას უფრო მეტი პერსპექტივა ჰქონდეს. 

თავის მხრივ უკრაინის სამხედრო მეთაურები იაზრებენ, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებული შეიარაღება საკვანძო მნიშვნელობისაა მათი არმიის ბრძოლისუნარიანობისთვის. 

The Economist-ის მასალაში ნათქვამია, რომ კერძო საუბრებში ყირიმისა და დონბასის გათავისუფლების სირთულეს ქვეყნის ლიდერებიც აღიარებენ. პოლიტიკური ხელმძღვანელობა იაზრებს იმასაც, რომ 2014 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძირითადად კიევის მიმართ მტრულად განწყობილი მოსახლეობა ცხოვრებს. 

თავის მხრივ ხარკოვსა და ხერსონში განვითარებული კონტრიერიშების მნიშვნელოვანი ხელმშწყობი ფაქტორი სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარება და თანამშრომლობა იყო. სავარაუდოა, რომ ამგვარი უპირატესობა უკრაინის არმიას ყირიმსა და დონბასში ნაკლებად ექნება, რადგანაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა უკრაინელებმა, რომლებიც სიმპათიით იყვნენ განწყობილი კიევის მიმართ ეს ადგილები მალევე თავიანთი ნებით ან საოკუპაციო ადმინისტრაციებისგან მომდინარე რეპრესიების გამო დატოვეს. 

მოსალოდნელია, რომ ყირიმის შემთხვევაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის პარტიზანული დაჯგუფებებიც ამოქმედდება. ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად შეუძლია უკრაინას დაეყრდნოს ყირიმის ძირძველ მოსახლეობას - ყირიმელ თათრებს, რომლებიც კიევის მიმართ ტრადიციულად სიმპათიით იყვნენ განწყობილები, თუმცა ანექსიის შემდეგ ახალი სტატუს-კვო მიიღეს. 

თავის მხრივ უკრაინის მოქმედების არეალი შეზღუდულია პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ უკვე გაჟღერებული გეგმებითა და საზოგადოებრივი განწყობით, რომლის მიხედვითაც უკრაინელთა 84% ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. 

ავტორის თქმით, ყირიმზე იერიში უკრაინისთვის შესაძლოა ძალიან ძვირი დაჯდეს და ამგვარმა ნაბიჯმა დამატებითი ბზარები გააჩინოს უკრაინის მხარდამჭერ კოალიციაში. 

 

მსგავსი სიახლეები