ლიბანმა დაგმო ჰებზოლას დარტყმა გოლანის მაღლობებზე

ლიბანის ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაგმო ჰებზოლას სარაკეტო დარტყმა გოლანის მაღლობებზე მდებარე ქალაქ მაჯდალ შამსზე, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაღუპულთა უმეტესობა არასრულწლოვნები არიან. 

"ლიბანის ხელისუფლება გმობს ძალადობის ყველა აქტს და თავდასხმას მშვიდობიან მოქალაქეებზე. მხარეებს მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ყველა ფრონტზე"- ნათქვამია ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნაჯიბ მიკატის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

27 ივლისს ჰეზბოლამ მიერ ისრაელის მიმართულებით მასირებული სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რაკეტების ნაწილი ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობებისკენ იყო მიმართული. 

ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ მაჯდალ შამსის ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, რა დროსაც ადგილზე ბავშვები იმყოფებოდნენ. 

IDF-ის პრესსპიკერის, დენიელ ჰაგარის თქმით, პირველადი გამოძიებით დადგინდა, რომ დარტყმა ირანის მარიონეტულმა ჰეზბოლამ განახორციელა. დღის განმავლობაში ჰეზბოლა აცხადებდა, რომ ისრაელის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვა, თუმცა ინციდენტთან შემხებლობას უარყოფს. ჰაგარის თქმით, უკვე დაწყებულია გამოძიება იმაზეც, თუ რატომ ვერ გაუმკლავდა საჰაერო თავდაცვის სისტემა რაკეტას. 

მომხდარს უკვე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ჰეზბოლამ გადაკვეთა ყველა შესაძლო წითელი ხაზი, პასუხი იქნება შესაბამისი."

ვაშინგტონში ვიზიტი დროზე ადრე შეწყვიტა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბიბი ნეთანიაჰუმ, რომელმაც განაცხადა, რომ ჰეზბოლა მომხდარის გამო არნახულ საზღაურს გადაიხდის. 

ჰეზბოლას სარაკეტო იერიშს წინ უძღოდა ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმა ლიბანის ტერიტორიაზე, რომელსაც დაჯგუფების 4 მებრძოლი ემსხვერპლა. 

ჰეზბოლას მიერ მებრძოლების დაღუპვის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მებრძოლები იერუსალიმის გზაზე დაიღუპნენ - ამგვარად ჰეზბოლა ისრაელის დარტყმებისას მოკლულ ჯარისკაცებს მოიხსენიებს. 

კონტექსტი 

ისრაელის მიმართულებით შეტევები ჰეზბოლამ 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმის შემდეგ მალევე დაიწყო - დაჯგუფებაში აცხადებდნენ, რომ ამგვარად ჰამასის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. დაჯგუფების მეთაურის თქმით, ჰებზოლას შეტევები ღაზაში ისრაელის ოპერაციის დასრულებამდე გაგრძელდება. 

თვეების განმავლობაში ისრაელი-ლიბანის საზღვარზე დაპირსპირება პერიოდულად მწვავდებოდა. ამ დროის განმავლობაში, სხვადასხვა მონაცემებით, მოკლულია დაჯგუფების 500-მდე მებრძოლი, მსხვერპლი არის ისრაელის მხარესაც. 

ბოლო თვეებში გამწვავებულ რიტორიკასთან ერთად საჰაერო, საარტილერიო, თუ დრონის შეტევები უფრო მასშტაბური ხასიათისაა. 

ისრაელის არმიის ხელმძღვანელობაში ამბობდნენ რომ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარზე ვითარება კრიტიკულ წერტილს უახლოვდებოდა. ამ ფონზე ისრაელის ომის კაბინეტში სულ უფრო აქტიურად ისმის მოწოდებები ჰეზბოლას წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების აუცილებლობის შესახებ. 

6 ივნისს გამოცემა Axios საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ამერიკელი კოლეგები აფრთხილებდნენ ისრაელის მაღალჩინოსნებს, რომ ჰეზბოლასთან მცირე ან ლიმიტირებული ომის ოფცია არ იყო რეალისტური და რომ დაპირისპირებაში ირანის პირდაპირი ჩართვაა მოსალოდნელი. 

ისრაელისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება 60 ათასამდე ევაკუირებული მოქალაქე ლიბანის საზღვრისპირა ტერიტორიიდან. ევაკუირებულთა რიცხვი უფრო მაღალია საზღვრის ლიბანურ მხარეს. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ისრაელის ერთ-ერთ მთავარი მიზანი საზღვრის ზოლიდან ჰეზბოლას ელიტური დანაყოფების 10-15 კილომეტრით ჩაჩოჩებაა. საყურადღებოა, რომ 2006 წლის ისრაელსა და ლიბანს შორის მიღწეული შეთანხმდებით, ჰეზბოლა ვალდებული იყო შეიარაღება ამ ზოლიდან გაეყვანა, თუმცა დაჯგუფება შეთანხმებას არ ასრულებს. 

25 ივნისს Financial Times-თან საუბარში ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერის მრჩეველმა კამალ ხარაზიმ განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ჰებზოლას წინააღმდეგ მასშტაბური იერიშის წამოწყება რეგიონული ომის დაწყების წინაპირობა გახდება და ამ ომში ირანი მთელი თავისი რესურსით დაუჭერს მხარს ჰეზბოლას. 

გამოცემა Axios-ის ცნობით, თეთრ სახლში შიშობენ, რომ შესაძლოა დიდი ომის დაწყების საბაბი გახდეს, რომლის არიდებასაც უკვე მრავალი თვეა ცდილობს ბაიდენის ადმინისტრაცია. 

 

მსგავსი სიახლეები