ნენსი პელოსის თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა - რა უნდა ვიცოდეთ

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ს კონგრესის სპიკერის ბორტი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა. 

ვიზიტის მოლოდინში ჩინეთმა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა ტაივანთან, ხოლო გამანადგურებლები ტაივანის სრუტისკენ გაგზავნა. 

Financial Times წერს, რომ პელოსი ტაივანს დღეს საღამოს ეწვევა და კუნძულის პრეზიდენტსაც შეხვდება. 

პელოსის შესაძლო ვიზიტს რამდენიმე საათის წინ გამოეხმაურა სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც, რომელმაც ჩინეთს მოუწოდა პელოსის ტაივანში ჩასვლის შემთხვევაში, არ მოახდინოს ვითარების ესკალაცია. 

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, პელოსის კუნძულზე ჩასვლის შემთხვევაში ჩინეთისგან სამხედრო პროვოკაციებია მოსალოდნელი

კონტექსტი

ტაივანის ირგვლივ დაძაბულობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა. დაძაბულობის მიზეზი, აშშ-ს კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი გახდა ტაივანში. 

პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ცნობები აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა მის შესახებ ოფიციალური და კონკრეტული განმარტებებისგან აშშ-ს სახელმწიფო უწყებები თავს იკავებდნენ. 

პელოსის შესაძლო ვიზიტს გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც, რომელმაც განაცხადა, რომ პენტაგონში სჯერათ, რომ კონგრესის სპიკერის ვიზიტი ტაივანში კარგი იდეა არ არის. 

31 ივლისს პელოსის ოფისმა გამოაქვეყნა აზიის ტურის გრაფიკი, რომელშიც ტაივანში ვიზიტი გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში როგორც დასავლურ, ასევე ტაივანურ მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ პელოსი კუნძულს ხვალ, 2 აგვისტოს ეწვევა.

კონგრესის სპიკერის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრეს აშშ-ს და ჩინეთის ლიდერებმაც - სატელეფონო საუბარში სი ძინფინგმა ჯო ბაიდენს მოუწოდა "არ ეთამაშონ ცეცხლს ტაივანის ირგვლივ." 

თავის მხრივ ბაიდენმა სი ძინფინგთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ კონგრესი თეთრი სახლისგან დამოუკიდებელია და "პელოსი ვიზიტების შესახებ გადაწყვეტილებებს თავად იღებს." 

საკითხს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, სადაც განაცხადეს, რომ პელოსის ტაივანში ჩასვლის შემთხვევაში სახალხო რესპუბლიკის არმია ხელებდაკრეფილი არ იჯდება. მათი თქმით, კონგრესის სპიკერის ვიზიტს სერიოზული და სავალალო შედეგები მოჰყვება. 

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მზარდი დაძაბულობის ფონზე აშშ-მ ტაივანის მახლობლად ავიამზიდები გადაიყვანა

შესაძლო ვიზიტზე საუბრისას ჯონ კირბიმ ასევე განაცხადა, რომ "აშშ არ უპასუხებს ჩინეთს ისე როგორც მათ სურთ და არ ჩაერთვებიან იარაღის ჟღარუნში, თუმცა ამავდროულად ჩინეთი აშშ-ს ვერ დააშინებს."

იმ შემთხვევაში თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ის გახდება პირველი აშშ-ს უმაღლესი თანამდებობის პირი 1997 წლიდან, რომელიც არაღიარებულ კუნძულს ეწვევა. 1997 წელს ტაივანს აშშ-ს კონგრესის მაშინდელი სპიკერი, ნიუტ გრინგიჩი ეწვია. 

ბოლო თვეების განმავლობაში ტაივანის ირგვლივ ვითარება გამუდმებით იძაბება. ტაივანში აშშ-ს კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა

რამდენჯერმე დაფიქსირდა ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევაც. კუნძულის ირგვლივ იძაბება რიტორიკას - თავის აზიურ ტურნეში ყოფნისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ ტაივანს სამხედრო კუთხით დაეხმარებოდა

მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიდენს საგანგებო განცხადებით უპასუხა, რომელშიც მოუწოდა ამერიკელ პრეზიდენტს წინ არ დადგომოდა 1.4 მილიარდ ჩინელს. 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ - მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ტაივანს დამარცხებული გენერლის, ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს ის თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები. 

ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს - მთელი მსოფლიო კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მჯდომ მთავრობას მიიჩნევს.

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ ცნობს არც ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობებიც, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

მსგავსი სიახლეები