თეთრი სახლი: პელოსის ვიზიტის შემთხვევაში ჩინეთისგან სამხედრო პროვოკაციებს ველით

თეთრი სახლი პელოსის ტაივანში ჩასვლის შემთხვევაში ჩინეთისგან სამხედრო პროვოკაციებს არ გამორიცხავს. 

ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა. 

კირბის არ დაუდასტურებია პელოსის გეგმა ჩავიდეს ტაივანში, თუმცა ამის შესახებ აქტიურად იწერება დასავლურ მედიასა და ტაივანის ადგილობრივ პრესაში. 

"ჩინეთის პოტენციური ნაბიჯები შესაძლოა მოიცავდეს სამხედრო პროვოკაციებსაც, მათ შორის ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა რაკეტების გასროლა ტაივანის სრუტის ან ტაივანის მიმართულებით, ან ქმედებებს, რომელიც დაარღვევს ისტორიულ ნორმებს.

არ გამოვრიცხავთ ტაივანის საჰაერო იდენტიფიკაციის ზონის მასირებულ დარღვევას, ასევე, შესაძლოა, მასშტაბური აქტივობები ზღვაში, რომელიც კვეთს საშუალო ხაზს",- განაცხადა ჯონ კირბიმ. 

კონტექსტი

ტაივანის ირგვლივ დაძაბულობა ბოლო კვირებში მკვეთრად გაიზარდა. დაძაბულობის მიზეზი აშშ-ს კონგრესის სპიკერის ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტი ტაივანში. 

პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ცნობები აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა მის შესახებ ოფიციალური და კონკრეტული განმარტებებისგან აშშ-ს სახელმწიფო უწყებები თავს იკავებდნენ. 

პელოსის შესაძლო ვიზიტს გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც, რომლის თქმითაც, კონგრესის სპიკერის ვიზიტი ტაივანში, პენტაგონში კარგ იდეად არ მიაჩნიათ. 

31 ივლისს, პელოსის ოფისმა გამოაქვეყნა აზიის ტურის გრაფიკი, რომელშიც ტაივანში ვიზიტი გათვალისწინებული არ არის. მიუხედავად ამისა, ბოლო დღეების განმავლობაში, დასავლურ და ტაივანურ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ პელოსი კუნძულს 2 აგვისტოს ეწვევა.

პელოსის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, აშშ-ს და ჩინეთის ლიდერებმაც ისაუბრეს.  სატელოფონო საუბარში, სი ძინფინგმა ჯო ბაიდენს მოუწოდა , რომ "არ ეთამოშონ ცეცხლს ტაივანის ირგვლივ." 

თავის მხრივ, ბაიდენმა სი ძინფინგთან საუბარში ხაზი გაუსვა, რომ კონგრესი თეთრი სახლისგან დამოუკიდებელია და "პელოსის ვიზიტების შესახებ გადაწყვეტილებებს თავად იღებს."

საკითხს გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, სადაც განაცხადეს, რომ პელოსის ტაივანში ჩასვლის შემთხვევაში, სახალხო რესპუბლიკის არმია ხელეფდაკრეფილი არ იჯდება.

მათი თქმით, კონგრესის სპიკერის ვიზიტს სერიოზული და სავალალო შედეგები მოჰყვება. 

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ-მ ტაივანის მახლობლად ავიამზიდები გადაიყვანა

შესაძლო ვიზიტზე საუბრისას ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ "აშშ არ უპასუხებს ჩინეთს ისე, როგორც მათ სურთ და არ ჩაერთვებიან იარაღის ჟღარუნში, თუმცა ამავდროულად ჩინეთი აშშ-ს ვერ დააშინებს". 

იმ შემთხვევაში, თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ის გახდება აშშ-ს პირველი უმაღლესი თანამდებობის პირი 1997 წლიდან, რომელიც არაღიარებულ კუნძულს ეწვევა. 1997 წელს, ტაივანს აშშ-ს კონგრესის მაშინდელი სპიკერი, ნიუტ გრინგიჩი ესტუმრა. 

ბოლო თვეების განმავლობაში, ტაივანის ირგვლივ ვითარება გამუდმებით იძაბება. ტაივანში აშშ-ს კონგრესის დელაგაციის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიამ, კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა

რამდენჯერმე დაფიქსირდა ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევაც. კუნძულის ირგვლივ იძაბება რიტორიკაც - აზიურ ტურნეში ყოფნისას პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ტაივანს სამხედრო კუთხით დაეხმარებოდა

მოგვიანებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიდენს საგანგებო განცხადებით უპასუხა, სადაც მოუწოდა ამერიკელ პრეზიდენტს, რომ 1.4 მილიარდ ჩინელს წინ არ აღდგომოდა. 

ჩინეთი და ტაივანი - მოკლე გზამკვლევი

ჩინეთი და ტაივანი გასული საუკუნის 1940-იან წლებში სამოქალაქო ომის პერიოდში გაიყვნენ. მატერიკულ ჩინეთში კომუნისტური პარტიის გამარჯვების მიუხედავად, ტაივანს დამარცხებული გენერლის, ჩან კაიშის პარტია მართავდა. 

ჩინეთი კუნძულს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მზად არის დაიბრუნოს, თუნდაც ძალის გამოყენებით. 

ტაივანს აქვს თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული მთავრობაც. ტაივანის განკარგულებაშია 300 ათასიანი კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი არმია. 

ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ტაივანს არ აღიარებს - თითქმის მთელი მსოფლიო, კუნძულის წარმომადგენლად პეკინში მყოფ მთავრობას მიიჩნევს. 

ტაივანს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არც ამერიკა ცნობს. აშშ-ს ტაივანთან არ აქვს ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები, თუმცა მოქმედებს კანონი, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს ტაივანს თავდაცვაში დაეხმაროს. 

მსგავსი სიახლეები