რააბი: ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის რუსეთმა ქცევა უნდა შეცვალოს

ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის რუსეთმა პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა. აღნიშნულ საკითხზე მან აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"პოზიტიური ურთიერთობებისა და დიპლომატიისთვის ჩვენი მხრიდან კარი სულ ღიაა... რაც ცვლილებას საჭიროებს ეს რუსეთის ქცევაა, რუსეთმა უნდა შეიცვალოს ქცევა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების მიმართ",- განაცხადა რაააბმა. 

დომინიკ რააბმა ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და რუსეთი "იარაღის ჟღარუნში" დაადანაშაულა, ასევე ისაუბრა ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და პატიმრობის შესახებაც. 

გაერთიანებულმა სამეფომ მიმდინარე წლის მარტში საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. განახლებული დოკუმენტის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საკვანძო მოკავშირედ კვლავ აშშ რჩება, ქვეყანა რჩება NATO-ს აქტიურ და ერთგულ წევრად, ხოლო ევროკავშირი  მნიშვნელოვანი პარტნიორად განიხილება. ამასთან ერთად, დიდი ბრიტანეთი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან. ამ პოლიტიკის ფარგლებში, მომდევნო თვეს ბორის ჯონსონი ვიზიტით ინდოეთს ეწვევა.

ლონდონი ასევე აპირებს წყნარი ოკეანის ქვეყნების ყოვლისმომცველი პროგრესული პარტნიორობის ორგანიზაციაში გაწევრიანებას. 2018 წელს ამ ორგანიზაციას 11 ქვეყანა შეუერთდა, მოსალოდნელ იყო, რომ მათ რიგებში აშშ-იც იქნებოდა, თუმცა მაშინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის მიზეზით, ეს არ მოხდა.

ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბრისას ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია დაბალანსებული მიდგომის შემოღება. "არ არსებობს არავითარი ეჭვი, რომ მომავალში ჩინეთი ბევრ პრობლემას შეუქმნის ღია საზოგადოებებს, ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩვენია",- თქვა ჯონსონმა. ამასთან ერთად, ლონდონი ეკონომიკის განვითარებისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებში ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს.

უახლოეს პერიოდში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ახალი ანტი-ტერორისტული და კიბერ-უსაფრთხოების ცენტრის შექმნას გეგმავს. ამ ცენტრის შექმნაზე საუბრისას ჯონსონმა 2018 წელს ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალის და მისი შვილზე მომხდარი თავდასხმა გაიხსენა, რომლის დროსაც, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ასევე, დაგეგმილია უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის შექმნა, რომელიც კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ ქმედებებზე.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, კირ სტარმერმა განახლებული სტრატეგიის კომენტირებისას განაცხადა, რომ კონსერვატორების წინა მთავრობების დროს თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა და შესაბამისად თავდაცვითი პოტენციალის აღდგენა ძალიან სუსტი პოზიციიდან იწყება. სტარმერმა ყურადღება რუსეთიდან მომავალ საფრთხეზე გაამახვილა და განაცხადა, რომ კონსერვატორების მთავრობები ამ საკითხზე მუდმივად საუბრობენ, თუმცა ქმედითი ზომები ამ დრომდე არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები