რადაკინი: რუსეთის დაცვის ხაზები უფრო ძლიერია, ვიდრე გვეგონა

რუსეთის მიერ აგებული დაცვის ხაზები უკრაინაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლეთს ეგონა - განაცხადა დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსმა, ადმირალმა ენტონი რადაკინმა. 

ბრიტანელი გენერალი უკრაინის კონტრიერიშისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებად სამხედროების წვრთნების პროცესში დაშვებულ შეცდომებს, დიდ შენაერთებს შორის ოპერაციის კოორდინაციისა და სინქრონიზაციის უუნარობასა და არახელსაყრელ ამინდს ასახელებს. 

"რუსეთის მოქმედებების ანალიზისას მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთის მიერ აგებული საფორტიფიკაციო ხაზები უფრო ძლიერი და მტკიცე აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ვაფასებდით",- ამბობს რადაკინი. 

კონტექსტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიში სამხრეთში 4 ივნისს დაიწყო - ამ დროის განმავლობაში ЗСУ-მ შეძლო რამდენიმე დასახლების გათავისუფლება, როგორც ზაპორიჟიაში ასევე, დონეცკის ოლქის საზღვარზე და ბახმუტის შემოგარენში. 

წინსვლის მიუხედავად უკრაინის არმიის წინსვლის ტემპი ჩამოუვარდება პროგნოზებს - იერიშის სასურველზე ნაკლები ტემპით მიმდინარეობს ღიად ადასტურებენ უკრაინელი მაღალჩინოსნებიც. 

30 აგვისტოს, ზაპორიჟიაში სოფელ რობოტინესთან უკრაინის არმიამ შეძლო გადაეხალა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი. 21 სექტემბერს უკრაინულმა ჯავშანტექნიკამ პირველად გადაკვეთა ე.წ. სუროვიკინის ხაზი. 

ამ დროისთვის უკრაინული ძალები რუსეთის დაცვის ხაზში წარმოქმნილი ნაპრალის გაფართოებას ცდილობენ, უფრო მასირებული შეტევისთვის. მაღალი ალბათობით უკრაინელთა მთავარი სამიზნე ქალაქი ტოკმაკი იქნება - აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საავტომობილო კვანძია, რომლის გადაჭრაც მნიშვნელოვნად გაართულებს საოკუპაციო ძალების მდგომარეობას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში. 

პენტაგონის სამხედრო დაზვერვის უფროსი, ტრენტ მოლი The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის არმიის მიერ ფრონტის გარღვევის შანსს 40-50%-ის ფარგლებში აფასებს. 

სუროვიკინის ხაზები რუსეთის მიერ გასული 9 თვის განმავლობაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგებული მასშტაბური დაცვის ხაზებია, რომელიც მოიცავს დანაღმულ ველებს, ანტი-სატანკო თხრილებს, სანგრებს, საყრდენ პუნქტებს და გამაგრებულ საცეცხლე წერტილებს. 

"უკრაინის არმიის მიერ რობოტინესთან მიღწეული წარმატების შემდეგ დასავლეთში ფრთხილ ოპტიმიზმით უყურებენ კონტრიერიშის პერსპექტივებს",- წერდა 31 აგვისტოს Wall Street Journal.

მსგავსი სიახლეები