ზაპორიჟიაში უკრაინის ჯავშანტექნიკამ პირველად გადაკვეთა ე.წ. სუროვიკინის ხაზი

ზაპორიჟიის ოლქის სოფელ ვერბოვეში უკრაინის არმიის ჯავშანტექნიკამ პირველად გადაკვეთა ე.წ. სუროვიკინის ხაზი. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს მნიშვნელოვანი განვითარებაა, რის მიღწევასაც უკრაინული არმიამ გასულ კვირებში ცდილობდა. 

უკრაინული ჯავშანტექნიკის მიერ ე.წ. სუროვიკინის ხაზის გადაკვეთის შესახებ ცნობილი ხდება გეოლოცირებული ვიდეოებიდან - გავრცელებულ კადრებზე პირველად გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, რომლებსაც უკვე დაძლეული აქვთ, ანტი-სატანკო თხრილები და ე.წ. დრაკონის კბილების ბარიერი.

"უკრაინელები სარგებლობენ სოფლის გზით, რომელიც გამაგრების ხაზს ებჯინება და რომელსაც მაღალი ალბათობით ისინი თავდაცვის ხაზის აღსამართად იყენებენ. როგორც ჩანს, უკრაინელებმა დაამარცხეს ამ მონაკვეთზე გამაგრებული რუსები",- წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ჯორჯ ბაროსი. 

სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსის, რობ ლის ცნობით, ე.წ. სუროვიკინის ხაზი გადაკვეთეს უკრაინის 82-ე ბრიგადის Bradley-ს და Stryker-ის ტიპის საბრძოლო მანქანებმა, ასევე Mrap-ის და Maxxpro-ს და Mrap-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ასევე, Marder-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის მანქანები. 

"გასულ კვირებში ძირითადად მცირე ქვეითი ჯგუფების შეტევების შემდეგ, ეს მნიშვნელოვანი განვითარებაა",- წერს რობ ლი. 

უკრაინის არმიის წინსვლას ფრონტის ამ მონაკვეთზე აფასებს Osint ანალიტიკოსი, უკრაინის არმიის რეზერვის ოფიცერი, ფსევდონიმით Tatarigami.

"ვიდეოს გეოლოკაციის მიხედვით, ნათელია, რომ ჩვენმა მებრძოლებმა წარმატებული შეტევები განახორციელეს, მათ უკან დაახევინეს მტერს და ეფექტურად გააფართოვეს ნაპრალი თავდაცვის ხაზში. ისინი ვერბოვეს უახლოვდებიან, მათ დაძლიეს ანტი-სატანკო თხრილები, დანაღმული ველები და დრაკონის კბილები, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა",- წერს ანალიტიკოსი. 

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინა ფრონტის ამ მონაკვეთზე შესაძლოა ახალი მძლავრი იერიშისთვის ემზადებოდეს. "მომდევნო დღეები გვაჩვენებს გადაიქცევა თუ არა ნაპრალი გარღვევაში",- წერს Tatarigami.

კონტექსტი 

რუსეთის მიერ აგებული თავდაცვის ხაზის დაძლევის შესახებ ცნობები პირველად 30 აგვისტოს გავრცელდა. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს ფრონტის ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთზე სოფელ რობოტინესთან მოხდა - სწორედ ეს არის უკრაინის არმიის კონტრიერიშის მთავარი დარტყმის მიმართულება. 

უკვე სექტემბრის დასაწყისში უკრაინის არმიამ შეძლო ნაპრალის გაფართოება, თუმცა ამ დრომდე იქ მძიმე ტექნიკა არ გამოჩენილა. გასული კვირებში რუსეთმა ფრონტის ამ მონაკვეთზე მნიშვნელოვანი ოპერაციული რეზერვები გადაისროლა, რის შედეგადაც უკრაინელთა წინსვლა შენელდა, თუმცა როგორც ჩანს არ შეჩერებულა. 

პენტაგონის სამხედრო დაზვერვის უფროსი, ტრენტ მოლი The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის არმიის მიერ ფრონტის გარღვევის შანსს 40-50%-ის ფარგლებში აფასებს. 

სუროვიკინის ხაზები რუსეთის მიერ გასული 9 თვის განმავლობაში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აგებული მასშტაბური დაცვის ხაზებია, რომელიც მოიცავს დანაღმულ ველებს, ანტი-სატანკო თხრილებს, სანგრებს, საყრდენ პუნქტებს და გამაგრებულ საცეცხლე წერტილებს. 

"უკრაინის არმიის მიერ რობოტინესთან მიღწეული წარმატების შემდეგ დასავლეთში ფრთხილ ოპტიმიზმით უყურებენ კონტრიერიშის პერსპექტივებს",- წერდა 31 აგვისტოს Wall Street Journal.

 

 

მსგავსი სიახლეები