რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობა მოიპოვა
რესპუბლიკურმა პარტიამ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობისთვის საჭირო მინიმალური 218 მანდატი უკვე მოიპოვა.
რესპუბლიკელების უპირატესობა კონგრესში ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, მათ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებების შეფერხებისა და კორექციის საშუალება ექნებათ.
თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები კიდევ ერთხელ გადანაწილდა ორ პარტიას შორის - თეთრ სახლს და სენატს დემოკრატიული პარტია აკონტროლებს, ხოლო კონგრესს - რესპუბლიკელები.
ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და პროგნოზების მიხედვით, რესპუბლიკელებმა, შესაძლოა, ქვედა პალატაში მაქსიმუმ 223 მანდატი მიიღონ.
მოსალოდნელია, რომ ხმების დათვლის პროცესი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ახალი კონგრესი პირველად მომდევნო წლის 3 იანვარს შეიკრიბება.
თავის მხრივ, რესპუბლიკელებს გამარჯვება უკვე მიულოცა პრეზიდენტმა ბაიდენმა და კონგრესში მათ ლიდერს, კევინ მაკარტის, კონსტრუქციული თანამშრომლობა შესთავაზა.
ქვედა პალატის კონტროლი რესპუბლიკურ პარტიას ბევრი მიმართულებით უხსნის ხელს, მათ შორის საგამოძიებო კომიტეტის ჩამოყალიბებისა და ახალი კანონპროექტების ინიცირების უფლებას. თუმცა ეს პროექტები შესაძლოა მარტივად დაბლოკოს სენატმა, სადაც უმრავლესობა კონკურენტ პარტიას ეკუთვნის.