რუსეთის ეკონომიკური კრიზისის პირველადი შედეგები და შანსები - კონსტანტინ სონინი

ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი და ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული რუსი ეკონომისტი, კონსტანტინ სონინი რუსეთის ეკონომიკის მიმოხილვას აქვეყნებს. 
 
ეკონომისტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საშუალო და გრძელვადიან ეფექტზე და პერსპექტივებზე მსჯელობს.

გთავაზობთ კონსტანტინ სონინის სტატიის თარგმანს:

 
ომის პირველი სამი თვის შემდეგ, შესაძლოა გარკვეული დასკვნების გამოტანა: პირველ რიგში თვალსაჩინოა, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, მაგრამ ნელა ვითარდება. რუსეთის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებს უმძიმესი დარტყმა მიადგა.

პირველადი დასკვნები:

  1. იმპორტი იმდენად შემცირდა, რომ რუბლი ძალიან გამყარდა: როდესაც ნაკლებ იმპორტულ საქონელს ყიდულობ, ცხადია უცხოური ვალუტაც ნაკლებად გჭირდება. თუ ვინმეს შეეძლო იმპორტის ასეთი მასშტაბური კლების პროგნოზირება, თუ ვინმეს შეეძლო ასეთი მკაცრი სანქციების და გლობალური ბიზნესის ასეთი მკვეთრი რეაქციის განჭვრეტა, შესაძლებელი იყო, რუბლი კვლავ დარჩენილიყო კონვერტირებად ვალუტად; 

  2. რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების დონე მკვეთრად ეცემა - პირველ რიგში ფასების ზრდის გამო, საუბარია სამომხმარებლო ფასების 10-%-იან მატებაზე. ამაზე მეტყველებს სასურსათო მაღაზიებში მკვეთრად გაზრილი ქურდობის შემთხვევებიც;

  3. დაიხურა და მუშაობა შეაჩერა ბევრმა საწარმომ, მათი ნაწილი ამ დრომდე უხდის ხელფასს თანამშრომლებს, შესაბამისად, ისინი უმუშევრებად ჯერ არ ითვლებიან. დაიწყო ნაციონალიზაციის პროცესი, რისი მთავარი მიზანიც დასაქმების ხელშეწყობაა;

  4. ეკონომიკის ზოგ სექტორში იმპორტული მაკომპლექტებლების დეფიციტის გამო წარმოება მკვეთრად შემცირდა. მაგალითად 70%-ით არის შემცირებული ავტომობილების წარმოება. მოსალოდნელია, რომ ამ სექტორებში წარმოება ეტაპობრივად პრივატიზაციის ხარჯზე დაიწყებს აღდგენას; 

  5. ემიგრაციის პირველი ტალღა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ ბუნებრივად ჩნდება 1918 და 1990 წლის ანალოგიები. ძირითადი დარტყმა მოვიდა ინფორმაციასთან დაკავშირებულ სექტორებზე - საუბარია არამხოლოდ IT სფეროზე, არამედ ანალიტიკურ და საგანმანათლებლო სფეროებზეც; 

  6. ჩემდა გასაკვირად რუსეთის მთავრობამ 3 თვე ისე გაძლო, რომ ფასების კონტროლი არ დააწესა. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ ეტაპობრივად დაწესდება ფასების ფაქტობრივი კონტროლი;

პერსპექტივები

  1. უკვე დაწესებული და ისეთი დაგეგმილი სანქციები - როგორიცაა მაგალითად ნავთობისა და გაზის ემბარგო - უბრალოდ მოკლავს რამენაირი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობას. საბაზო სცენარია: წარმოებისა და ცხოვრების დონის მკვეთრი შემცირება 2022-2023 წლებში, ხოლო შემდეგ მრავალწლიანი სტაგნაცია ახალ ქვედა წერტილში;

  2. ინფლაცია მიმდინარე წელს დაახლოებით 20%-ით გაიზრდება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეკონომიკის ასეთი მკვეთრი შემცირებისა და კონსერვატიული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შენარჩუნების ფონზე, ინფლაცია შესაძლოა უფრო მცირეც იყო. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ეკონომიკის შემცირებას თავისთავად ანტი-ინფლაციური ეფექტი აქვს;

  3. თავისთავად მხოლოდ ეკონომიკური ვითარების თუნდაც მკვეთრი გაუარესება ვერ იქნება საკმარისი პოლიტიკური სისტემის კრახისთვის. მაგრამ ცხოვრების დონის განგრძობითი გაუარესება - თუნდაც 2-3 წლის განმავლობაში - გარდაუვალად შექმნის პოლიტიკურ პრობლემებს. და ზუსტად ამ დროს მთავრობამ შეიძლება მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს კრიზისს; 

  4. მასობრივი ემიგრაციისგან და "ტვინების გადინებით" გამოწვეული პრობლემები ამჯერად უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე 1918 და 1990 წლების ემიგრაციის ტალღისას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ როგორც წესი ტვინების მასშტაბური გადინება და მასობრივი ემიგრაცია მწვავე ეკონომიკური კრიზისების პერიოდში ხდება, რთული დასადგენია თუ რა ეფექტი ჰქონდა კონკრეტულად ტვინების გადინებას განვითარებულ რეცესიაში; 

  5. ეკონომიკის აღდგენის კუთხით პრობლემას პირველ რიგში მიმდინარე ომი ქმნის და ეს პრობლემა არ არის მხოლოდ მიმდინარე ხასიათის, არამედ მათ გრძელვადიანი უარყოფითი ეფექტი აქვს. ომის მიმდინარეობისას შემოღებული ახალი წესები - სტანდარტების გაუარესება, სახელმწიფო უწყებების დამატებითი უფლებამოსილებები და ა.შ. ეკონომიკურ ზრდას ომის დასრულების შემდეგაც შეუშლის ხელს. ამ ინსტიტუტების მოშორება შემდეგ რთული იქნება
 

მსგავსი სიახლეები