"თამაში დასრულდა" - ჯო ბაიდენის დაცემის ქრონიკა

გუშინ, 21 ივლისს ჯო ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა - ეს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში 1968 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა. 

ბაიდენის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 27 ივნისს დონალდ ტრამპთან გამართული საპრეზიდენტო დებატების პირველი და ძალიან წარუმატებელი რაუნდი. დებატებზე ბაიდენის გამოსვლა დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობითვის შოკისმომგვრელი იყო და სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა პირველი მოწოდებები პრეზიდენტის მიმართ მოეხსნა კანდიდატურა მოახლოებული არჩევნებიდან. 

რეალპოლიტიკა წარმოდგენთ საკვანძო მოვლენების ქრონოლოგიას, რომელიც საბოლოოდ ჯო ბაიდენის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით დასრულდა. 

კატასტროფული დებატები 

ბაიდენის ასაკთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებობდა - ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ადამიანია, რომელიც პრეზიდენტი გახდა.

ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების ტრადიციის საწინააღმდეგოდ ნაადრევად ჩანიშნული დებატები ბაიდენისთვის კატასტროფულად დასრულდა. როგორც წესი დებატები ორივე პარტიის კონვენციის დასრულებისა და ნომინაციის ოფიციალური მიღების შემდეგ იმართება, რაც შემოდგომას ემთხვევა ხოლმე, თუმცა ამჯერად მხარეებმა პირველი რაუნდი ივნისის მიწურულს ჩანიშნეს. 

მიუხედავად იმისა, რომ დებატების მიმდინარეობისას ტრამპმა 30-ჯერ მოიტყუა, მაყურებელთა და ანალიტიკოსთა შეფასებით ტრმპი უპირობო გამარჯვებულად გამოცხადდა. 

დებატების მიმდინარეობისას ბაიდენს უჭირდა წინადადებების დასრულება, მისი მეტყველება გაუმართავი იყო და ხშირად ვერ ახერხებდა გასაგებად არგუმენტირებას, დამჯდარი იყო ბაიდენის ხმაც. 

მომდევნო დღეებშივე გამოჩნდნენ პირველი თანაპარტიელები, რომლებმაც პრეზიდენტს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდეს - მათი რაოდენობა მომდევნო კვირებში მხოლოდ იზრდებოდა. 

ინტერაქცია მედიასთან

ამომრჩევლებისა და თანაპარტიელების დარწმუნების მიზნით ბაიდენის კამპანიამ უიღბლო დებატების შემდეგ მედია აქტივობების სერია წამოიწყო. 

ABC-ისთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში ბაიდენმა ამბობდა, რომ წარუმატებელი გამოსვლა ინტენსიური მოგზაურობებითა და გაციებით იყო გამოწვეული. 

ამავე ინტერვიუში ბაიდენი აცხადებდა, რომ კანდიდატურას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხსნიდა თუ ამას "ყოვლისშემძლე ღმერთი ეტყოდა." ჯორჯ სტეფანოპოლუსისთვის მიცემულმა ინტერვიუმ ვერ მიაღწია სასურველ მიზანს და კანდიდატურის მოხსნის მოწოდებები კვლავ იზრდებოდა. 

პარალელურად ბაიდენი კვლავ უშვებდა შეცდომებს, ყველაზე გახმაურებული კი ვაშინგტონში ნატოს 75-ე სამიტის შემაჯემებელ პრესკონფერენციაზე დაუშვა როდესაც, ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომით ვლადიმირ პუტინი უწოდა. 

პარალელურად ამერიკელები სვამდნენ კითხვებს თუ რამდენად შესწევდა ბაიდენს უნარი გაეკონტროლებინა ვითარება და შეესრულებინა პრეზიდენტის მოვალეობები. 

გამდგარი თანაპარტიელები 

2 ივლისი - კონგრესმენი ლოიდ დეგეტი გახდა პირველი დემოკრატი, რომელმაც ჯო ბაიდენის კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა. 

მომდევნო დღეებში მოწოდებებს შეურთდებიან გავლენიან დემოკრატები სენატიდან: პიტერ ველჩი, ჯონ ტესტერი და მარტინ ჰეინრიხი. 

მომდევნო კვირებში ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ ჯამურად 37-მა კონგრესმენმა, ათამდე სენატორმა და ჯამურად 200-ზე მეტმა თანაპარტიელმა მოუწოდა. 

10 ივლისს New York Times-ისთვის დაწერილ სვეტში ბაიდენს გადადგომისკენ მოუწოდებს მსახიობი ჯორჯ კლუნიც - დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. 

მზარდი წნეხი

ბაიდენის ჩანაცვლების შესახებ საუბრები 14 ივლისს დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის ფონზე შეჩერდა, თუმცა პაუზა მცირეხნიანი აღმოჩნდა. უკვე 18 ივლისს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დემოკრატმა, ადამ შიფმა ბაიდენს კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა.

იმავე ღამეს ჯო ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იძულებული გახდა, წინასაარჩევნო კამპანია დროებით შეეჩერებინა და იზოლაციაზე დელავერის მშობლიურ სახლში გადასულიყო. 

ამერიკული მედიის ცნობით, მისი კანდიდატურის უპერსპექტივობა განუცხადეს ბაიდენს სენატსა და კონგრესში პარტიის ლიდერებმა, ჩაკ შუმერმა და ჰაკიმ ჯეფრისმა. 

იმავე წყაროების ცნობით, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის შემთხვევაში პარტიისთვის კატასტროფული შედეგებზე ესაუბრა ბაიდენს ნენსი პელოსიც. 

გამოცემა Semafor-ის ცნობით, უკვე რამდენიმე დღის დონორებისგან შეჩერებული გადარიცხვების შესახებ ესაუბრა ბაიდენს მისი კამპანიის თანა-თავმჯდომარე, ჯეფრი კალცენბერგი. 

20 ივლისს New York Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაიდენის შტაბს კანდიდატურის მოსახსნელად მზადება უკვე დაწყებული ჰქონდა. ამავე ცნობებით, ბაიდენს კანდიდატურის მოხსნაზე დაფიქრება ურჩია ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამაც. 

თეთრი პირსახოცი 

წყაროების ცნობით, ბაიდენმა კანდიდატურის მოხსნაზე ფიქრი საბოლოოდ 20 ივლისს დაიწყო, როდესაც თვითიზოლაციაზე დელავერის მშობლიურ სახლში იმყოფებოდა. 

რეჰობოტის პლიაჟზე მდებარე სახლში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ კამპანიის მთავარი სტრატეგოსი, მაიკ დონილონი, მრჩეველი, სტივ რიჩეტი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანი ტომასინი და ენტონი ბერნალი, პირველი ლედის უფროსი მრჩეველი. 

წყაროების ცნობით, კანდიდატურის მოხსნის სისწორეში ბაიდენი საბოლოოდ მისი მრჩეველების მიერ წარმოდგინელმა კვლევებმა დაარწმუნა. თითოეულ მათგანში ტრამპი დამაჯერებლად ამარცხებდა ბაიდენს და მისი უპირატესობა იზრდებოდა. ყველაზე მკაფიოდ კი ეს ტრენდი ე.წ. მერყევ შტატებში ვლინდებოდა, რომლებსაც არჩევნების ბედზე გადამწყვეტი გავლენა ექნება. 

"ვერავინ წარმოადგინა კვლევები და მონაცემები, რომელშიც ბაიდენი იმარჯვებდა, მათ ყველაფერი სცადეს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობდა"- ამბობს Axios-სთან საუბარში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბაიდენის გარემოცვიდან. 

21 ივლისს ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. 

ამგვარად დასასრულს უახლოვდება ჯო ბაიდენის 52-წლიანი პოლიტიკური კარიერა, სავსე პირადი ტრაგედიებით და ნანატრი ტრიუმფით. 36 წლის განმავლობაში ბაიდენის დელავარის სენატორის პოსტს იკავებდა, პრეზიდენტ ობამას დროს კი 8 წლის განმავლობაში იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. ჯო ბაიდენი პოლიტიკურ კარიერას ნანატრი პრეზიდენტის პოსტზე ასრულებს.

მსგავსი სიახლეები