თეთრი სახლი კონგრესს თურქეთისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებაზე თანხმობას სთხოვს

ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესის ლიდერებს თურქეთისთვის ახალი შეიარაღების გადაცემაზე ნებართვას სთხოვს. საუბარია თურქეთის განკარგულებაში არსებული ამერიკული გამანადგურებლების F-16-ის ფლოტის მოდერნიზაციასა და თვითმფრინავისთვის საჭირო შეაირაღებაზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, მსგავსი თხოვნით ადმინისტრაციის წარმომადგენებმა კონგრესის ლიდერებს აპრილში მიმართეს. 

პოტენციური შეთანხმება მოიცავს რაკეტების, რადარების და ელექტრონული დეტალების მიწოდებას, რაც თურქეთის განკარგულებაში არსებულ გამანადგურებლების მოდერნიზაციისთვის არის საჭირო. 

ამ შეთანხმების მთავარი მიზანი ბოლო წლებში ვაშინგტონსა და ანკარას შორის გაფუჭებული ურთიერთობების გამოსწორებაა. მათ შორის საუბარია თურქეთისთვის 40 ერთეული F-16-ის ტიპის გამანადგურებლის მიყიდვაზე. 

ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო თანამშრომლობა მას შემდეგ გაფუჭდა, რაც 2017 წელს გაფრთხილებების მიუხედავად თურქეთმა რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა C-400 შეიძინა. ბევრი მკვლევარის აზრით, ახალი სამხედრო შეთანხმება თურქეთთან ურთიერთობებს არსებითად გააუმჯობესებს. 

ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ახალი შეთანხმების განხილვა კონგრესის ლიდერებს არაფორმალურად თხოვეს, თუმცა დადასტურების შემთხვევაში ადმინისტრაცია ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის პალატაში. ახალი შეთანხმების მოცულობა დაახლოებით 400 მილიონ დოლარს შეადგენს. 

მოსალოდნელია, რომ 40 ცალი F-16-ის თურქეთისთვის მიყიდვის ნებართვასთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესში მოთხოვნას წლის ბოლომდე გაგზავნის. 

აშშ-სა და რეჯეფ თაიპ ერდოღანის ურთიერთობები 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მუდმივად უარესდებოდა. ორი ქვეყნის ურთიერთობებში პრობლემას წარმოადგენდა აშშ-ს მხარდაჭერა ერაყში და სირიაში მცხოვრები ქურთების მიმართ - სწორედ ქურთულმა შენაერთებმა დაამარცხეს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები. 

2017 წელს რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გაფრთხილების მიუხედავად უარი არ თქვა რუსული წარმოების C-400-ის სარაკეტო სისტემების შეძენაზე, რასაც ამერიკული სანქციები მოჰყვა - აშშ-მ თურქეთი ახალი თაობის ამერიკული გამანადგურებლების F-35-ის პროგრამიდან ჩახსნა.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ადამიანთა უფლებების სისტემატური დარღვევა თურქეთში, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის საქმიანობის შეზღუდვა. 

რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინაში ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი გააჩინა - ამ დროიდან მოყოლებული აშშ-ს და თურქეთის წარმომადგენლებს შორის კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა. 

ამას ხელი შეუწყო მიმდინარე კრიზისში თურქეთის პოზიციონირებამაც - თურქეთი არ შეუერთდა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, თუმცა უკრაინას ეფექტურობით გამორჩეულ Bayraktar-ის დრონებს აწვდის. ამავდროულად, რუსული ფლოტისთვის კვლავ დახურულია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. 

თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მთავარ პლატფორმად იქცა. ამ ფაქტორმა კიდევ უფრო გაზარდა თურქეთის სტრატეგიული მნიშვნელობა. 

ერდოღანის ოფისის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ახალი თვითმფრინავებისა და არსებულის მოდერნიზაციის საკითხი პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში განიხილეს. 

ამ გზაზე მთავარ პრობლემას ზოგი კონგრესმენის პოზიცია წარმოადგენს. საუბარია უმეტესად ბერძნული უმცირესობებით დასახლებული ოლქების წარმომადგენელ კონგრესმენებზე, რომლებმაც გასულ წელს ენტონი ბლინკენს წერილიც გაუგზავნეს. გზავნილში კონგრესმენები თურქეთისთვის ახალი შეიარაღების გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ. 

ამის მიზეზად კანონმდებლები თურქეთის მიერ რუსული შეიარაღების შესყიდვას და საბერძნეთთან საზღვაო საზღვრის შესახებ მიმდინარე დავებს ასახელებდნენ. 

ერდოღანის მიმართ კრიტიკულ პოზიციას ინარჩუნებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბობ მენენდესიც. 

"თურქეთი ნატოს წევრი კრიტიკული მნიშვნელობის პარტნიორია და ახალი თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე სამსჯელოდ ღია ვარ, თუმცა ამის სისწორეში დასარწმუნებლად დამატებითი არგუმენტები დამჭირდება"- ამბობს რესპუბლიკელი სენატორი, ჯიმ რიში. 

კონგრესისგან განსხვავებული პოზიცია აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, სადაც რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ ღიად დააფიქსირეს, რომ თურქეთისთვის ახალი შეიარაღების გადაცემა აშშ-ს ეროვნულ ინტერესებშია. 

ახალ შეთანხმებას ემხრობა აშშ-ს ახალი ელჩი თურქეთში და წარსულში სენატორი ჯეფ ფლეიკიც. 

მკვლევარების აზრით ახალი შეთანხმების ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მაღალი იქნება წნეხი ბაიდენის ადმინისტრაციისგან. 

 

მსგავსი სიახლეები