Z-ბლოგერები ЗСУ-ს მიერ დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაცვის გარღვევაზე იუწყებიან

რუსი Z-ბლოგერების ცნობით, ხერსონის ოლქში უკრაინის არმია იერიშზე გადავიდა და მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფელი პოიმა გაათავისუფლა. 

"ჯარისკაცებმა უკრაინის 2 საზღვაო ქვეითი ბრიგადის მოიერიშე დანაყოფებიდან სწრაფი მარშით გადმოვიდნენ შეტევაზე და მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე სოფელი პოიმა დაიკავეს",- წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ არხი "რიბარი."

წყაროს ცნობით, დამხმარე ჯგუფების გადასროლის შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა გააგრძელეს წინსვლა და მეზობლად მდებარე სოფელ პესჩანოვკაში რამდენიმე სახლი დაიკავეს. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა დაადასტურა ტელეგრამ არხმა "ორი მაიორი." წყაროს ცნობით, ЗСУ ამზადებს ახალ ჯგუფებს, ხოლო მათი მიზანი დნეპრის გასწვრივ მდებარე პოდსტეპნოე-კაზაჩიე ლაგერი-კრინკის დაკავებაა. 

"ისმის კითხვა როგორ დავუშვით ასეთი გარღვევა 2 დასახლებულ პუნქტთან, იმის შესახებ, რომ კუნძულებსა და დნეპრის სანაპირო ზონაში უკრაინის პლაცდარმები არსებობს ჩვენ რამდენიმე თვეა ვწერთ, მაგრამ როგორც ჩანს არავითარი ზომა არ მიგვიღია",- წერს 'რიბარი.'

თავის მხრივ, უკრაინის გენერალურ შტაბის ბოლო კრებსში ფრონტის ამ მონაკვეთზე წინსვლის შესახებ არაფერია ნათქვამი. 

კონტექსტი 

პესჩანოვკა და პოიმა ქალაქ ხერსონიდან დაახლოებით 15 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო მარცხენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ოლეშკიდან მანძილი 8 კილომეტრია. 

სწორედ ქალაქ ოლეშკიზე გადის გზა დანგრეულ ანტონოვის ხიდამდე - ანტონოვის ხიდთან პლაცდარმის დაკავება უკრაინულმა არმიამ ივნისში შეძლო. რამდენიმე თვიანი ბრძოლების მიუხედავად, რუსეთის არმიამ ვერ შეძლო უკრაინელთა პლაცდარმის განადგურება - იმავე Z-ბლოგერების ცნობით, უკრაინელი მებრძოლები ამ დრომდე აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიას ხიდის მიმდებარედ. 

უკრაინის არმიის მიერ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მეორე პლაცდარმის დაკავების შესახებ იუწყებოდნენ რუსული წყაროები აგვისტოში. საუბარია სოფელ კაზაჩიე ლაგერზე, თუმცა აკონტროლებს თუ არა ЗСУ ამ დროისთვის კონკრეტულ მონაკვეთს რთული სათქმელია. 

დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინის არმიის შეტევამ შესაძლოა რუსეთს ფრონტის ამ მონაკვეთზე რეზერვების გადასროლა აიძულოს.

ამ დროისთვის უკრაინის არმიის იერიშის ძირითადი დარტყმა ზაპორიჟიაში სოფელ რობოტინეს და ვერბოვეს მიდამოებში გრძელდება. გარდა ამისა უკრაინის არმია უტევს ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე სოფელ ურაჟაინოესთან. 

უკრაინის არმიას საგრძნობი წინსვლა აქვს ბახმუტთანაც, სადაც სექტემბერში მათ მნიშვნელოვანი დასახლებები გაათავისუფლეს

თავის მხრივ რუსეთის არმია იერიშის აწარმოებს კუპიანსკის ირგვლივ, გასულ კვირას ოკუპანტებმა იერიში დაიწყეს ავდიივკის მიმართულებითაც, თუმცა მათი წინსვლა ამ დრომდე მოკრძალებულია, რასაც ვერ ვიტყვით დანაკარგებზე

მსგავსი სიახლეები