ისრაელის პრემიერი: ინდური შტამის გავრცელების ფონზე უცხოეთში არ იმგზავროთ
ისრაელის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ უცხოეთში მგზავრობისგან თავი შეიკავონ.
“ეს არ არის ბრძანება, ეს რჩევაა,” უთხრა ბენეტმა ბენ-გურიონის აეროპორტში შეკრებილ რეპორტიორებს, სადაც ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრებთან ერთად აეროპორტში PCR ტესტის ჩასატარებელი ადგილები მოინახულა.
“თუ არ გჭირდებათ უცხოეთში წასვლა, არ წახვიდეთ,” აღნიშნა ბენეტმა. ისრაელის ქალაქ ბინიამინაში კვიპროსიდან დაბრუნებულ ოჯახს კორონავირუსი აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსი არ ითვლება მაღალი რისკის ქვეყნად.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აეროპორტში ნიღბები ისევ სავალდებულო გახდება.
ასევე ისრაელში ჩასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება PCR ტესტი გაიკეთოს. ადგილზე ტესტის ლაბორატორიების რაოდენობა 30-დან 70-მდე გაიზრდება.