RealPolitika-ს 5 ყველაზე პოპულარული სტატია 2021 წელს
2021 წელი საერთაშორისო პოლიტიკაში მრავალი კუთხით იყო საინტერესო. წლის განმავლობაში რეალპოლიტიკა ცდილობდა, ქართულენოვანი მკითხველისთვის მსოფლიოს ყველაზე აქტუალური და გახმაურებული სიახლეები მოკლედ და სხარტად მიეწოდებინა. ამასთან, რედაქციაში თავი მოვუყარეთ ათეულობით „გრძლად საკითხავს“ - სტატიებს, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკის ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხს სიღრმისეულად გვაცნობს.
ქვემოთ ხუთი ყველაზე პოპულარული სტატიის ჩამონათვალს გთავაზობთ:
1. "ავღანური ფენიქსი" — ვინ არიან თალიბები და როგორ მიიტაცეს მათ ავღანეთი
2021 წლის 15 აგვისტოს მსოფლიო შეშფოთებით აკვირდებოდა „ძალის უძლურებას“ - საერთაშორისო ანტიტერორისტული მისიის დასრულების შემდეგ, რომელიც რამდენიმე ტრილიონი დოლარი დაჯდა და ათასობით სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა, ავღანეთის მართვის სადავეები კვლავ თალიბანმა აიღო. ავღანეთის სახელმწიფოს მშენებლობის ოცწლიანი პროექტი ჩავარდა - თალიბები ქვეყანას ისლამის საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით მართავენ. მაინც, ვინ არიან თალიბები და რა სწამთ მათ? სტატია ბიოგრაფიული სიზუსტით მოგვითხრობს ორგანიზაციის დაფუძნების, მართვის სტრუქტურის და წამყვანი ფიგურების შესახებ.
2. ანალიზი: რა მოხდა გერმანიის არჩევნებზე?
გერმანიის საპარლამენტო არჩევნები ევროპაში წლის მთავარ ინტრიგად - და ანტიინტრიგად - იქცა. მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ეკონომიკამ და ევროკავშირის ყველაზე დიდმა წევრმა ქვეყანამ მერკელის შემდგომ ხანაში შეაბიჯა. კანცლერის პოსტი ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ოლაფ შოლცმა დაიკავა, რომელსაც მართვის სტილით მის წინამორბედს ამსგავსებენ. თუმცა, კოალიციაში მოსული, იდეოლოგიურად ჭრელი „შუქნიშნის“ კოალიცია წინა მთავრობისგან განსხვავებული პოლიტიკის გატარებას აპირებს. ვინ მოიგო და ვინ წააგო ბუნდესტაგის არჩევნებში? სპეციალურ ანალიზში მიმოხილულია გერმანელი ამომრჩევლის პროფილი და ხმის მიცემის დინამიკა.
3. ძალაუფლების იდეალური ინსტინქტი – ანგელა მერკელის გამაოგნებელი აღმასვლა
ეჭვგარეშეა, რომ ხანგრძლივი და დაბრკოლებებით აღსავსე კარიერის შემდეგ, ანგელა მერკელმა 21-ე საუკუნის ეპოქალურ პოლიტიკოსებს შორის ადგილი დაიბევა. მერკელის ხანა გერმანიის ისტორიაში სტაბილურობის, პრაგმატულობის, მოქნილობის - ისევე როგორც მოუგვარებელი კრიზისების და საერთო ხედვის არქონის - სახელით შევა. მაინც, როგორ მოახერხა კომუნისტურ სახელმწიფოში გაზრდილმა პროტესტანტი პასტორის შვილმა ძალაუფლების მწვერვალზე ასვლა და თექვსმეტი წლის განმავლობაში დარჩენა? სტატია ქართულ ენაზე ანგელა მერკელის პოლიტიკური ბიოგრაფიის ფართო ფორმატში გაანალიზების პირველი მცდელობაა.
4. ბალტიური ვეფხვის გზა – როგორ გამდიდრდა ესტონეთი
ბოლო ოცდაათ წელიწადში ესტონეთი საბჭოთა გეგმური ეკონომიკიდან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე „ციფრულ“ სახელმწიფოდ გარდაიქმნა. დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტიდან დღემდე საბჭოთა კავშირის ყველაზე პატარა რესპუბლიკამ სწრაფად გაიარა გზა პოსტ-ტოტალიტარული საზოგადოებრივი და ეკონომიკური წყობიდან, თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებამდე და საბაზრო მოდელამდე. სტატია ესტონეთის წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე და მათ შემოქმედებზე მოგვითხრობს.
5. ერიკ ზემური: სამყარო თეთრ და შავ ფერში
ერიკ ზემურს ბოლო სიტყვა ჯერ ნამდვილად არ უთქვამს. ებრალ-ალჟირული წარმოშობის ფრანგ ტელეკომენტატორს და პუბლიცისტს საფრანგეთში უკვე დიდი ხანია იცნობენ როგორც მიგრაციასა და მულტიკულტურალიზმზე სკანდალური განცხადებების ავტორს და ქარიზმატულ მოსაუბრეს. 2022 წელს მის სახელსა და იდეებზე სავარაუდოდ მთელს მსოფლიოში - მათ შორის საქართველოშიც - ისაუბრებენ. 75 წლის ზემური 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. როგორ აპირებს გამარჯვების შემთხვევაში ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი „საფრანგეთის დაცემის“ შეჩერებას? სტატიაში საფრანგეთის პოლიტიკის, ისტორიის და კულტურის ზემურისეულ, შავ-თეთრ ხედვას გაეცნობით.