საელჩო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურს და ამისათვის პირველ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან.
"არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაცია არ უწყობს ხელს უთანხმოების მოგვარებას. სენატორ შაჰინისა და კონგრესმენ ტერნერის ბოლო ვიზიტის დროს ყოფილი პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი არ ყოფილა განხილვის თემა. განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ველოდებით წინადადებას", - წერია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამერიკელი სენატორი, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ.
ისინი შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
ეს იყო აშშ-ის სენატორისა და კონგრესმენის პირველი ვიზიტი მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ აშშ-მა საქართველოს დაფინანსების ნაწილი შეუჩერა.