გერმანიამ ბოსნიელ სერბებს სეპარატიზმის გამო დაფინანსება შეუზღუდა
გერმანიის მთავრობამ ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბულ რეგიონს დაფინასება შეუზღუდა სერბი ლიდერების „სეპარატისტული ნაბიჯების“ გამო.
რესპუბლიკა სრპსკას სულ 120 მილიონი ევროს მოცულობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წვდომა შეუჩერეს.
გერმანელი დიპლომატი ქრისტიან შმიდტი, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო საზოგადოების მთავარი დესპანია, არ გამორიცხავს, რომ ბერლინმა აშშ-ს და ბრიტანეთის მსგავსად ბოსნიელ სერბ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესოს.
გასულ წელს ბოსნიელი სერბების ლიდერმა, მილორად დოდიკმა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა.
მილორად დოდიკმა დაიმუქრა, რომ რესპუბლიკა სრპსკა ცენტრალურ ხელისუფლებას გაემიჯნება და საერთო საგადასახადო, სასამართლო და თავდაცვის სტრუქტურებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. სანაცვლოდ, დოდიკმა ბოსნიელ სერბთა არმიის აღდგენა დააანონსა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც სერბების ლიდერი საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, მან უკან დახევა ამჯობინა.
დოდიკის განცხადებით, უკრაინაში დაწყებულმა ომმა მისი გეგმები „შესაძლოა გადაავადოს“.
6 ივნისს აშშ-მ სანქციები დაუწესა ბოსნია-ჰერცეგოვინის მაღალჩინოსნებს, რომლებიც, ამერიკის ხაზინის განცხადებით, „საფრთხეს უქმნიან რეგიონში სტაბილურობას“.
შეზღუდვები რესპუბლიკის შემადგენელი ბოსნიურ-ხორვატული ერთეულის, ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციის პრეზიდენტ მარინკო კავარას შეეხო, რომელიც ხორვატ ნაციონალისტთა პარტიას წარმოადგენს.
კავარა 2019 წლის შემდეგ უარს ამბობს უზენაეს სასამართლოში კანდიდატების წარდგენაზე, რითაც „დემოკრატიულ პროცესს“ აზიანებს, ნათქვამია განცხადებაში.
სანქციები გავრცელდა ალენ სერანიჩზეც, რომელიც რესპუბლიკა სრპსკას (სერბული ერთეული) ჯანდაცვის მინისტრია.
სერანიჩს ბრალი ედება სერბი ნაციონალისტი ლიდერის, მილორად დოდიკის მხარდაჭერაში, რომელიც სეცესიონისტურ კურსს ატარებს.
ხაზინის თქმით, სანქცირებული პირები დეიტონის სამშვიდობო პაქტს „უთხრიდნენ ძირს“, რომელმაც ბოსნია-ჰერცეგოვონაში 1992-95 წლების სამოქალაქო ომი დაასრულა.